სააფთიაქო ქსელი ,,ავერსი’’ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ,,ავერსმა’’ 2024 წელი ინოვაციური სიახლით დახურა და ცინცაძის პირველ ნომერში მდებარე აფთიაქში სააფთიაქო რობოტი დაამონტაჟა. რობოტში მოთავსებულია ქსელში არსებული თითქმის ყველა პროდუქტი. მას აქვს ერთი ფანჯარა, სადაც მომხმარებელი ერთ ღილაკზე თითის დაჭერით პროდუქტს უმოკლეს ვადაში მიიღებს. სიახლეზე სააფთიაქო ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, რობოტი ფარმაცევტს წამლის მოძებნაში ეხმარება, რომელსაც სათავსოში მედიკამენტის ძებნა აღარ უწევთ, რაც პროდუქტის შეძენის დროს ამცირებს.
,,ცინცაძის 1 ნომერში განთავსდა რობოტი, რომელიც არის დამხმარე ჩვენი ფარმაცევტის. ის ზოგავს როგორც ფარმაცევტის დროს, ასევე ჩვენი მომხმარებლის დროს. ეს არის სააფთიაქო რობოტი. ეხმარება წამლების მოძიებაში. თითქმის ყველა წამალი, უმრავლესობა, რაც კი ავერსის სააფთიაქო ქსელშია განთავსებული, თითქმის ყველაფერია სააფთიაქო რობოტში ჩატვირთული. მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით ხდება. სპეციალური ფანჯარაა, სადაც ვარდება პროდუქცია. ერთი მოძრაობით, ძალიან სწრაფად ხდება პროდუქტის მიწოდება. სამარაგოში აღარ უწევს ფარმაცევტს შესვლა. ძიება მაინც გარკვეულ დროს მოითხოვს. ეს იმდენად მოსწონს ჩვენს მომხმარებელს ვფიქრობთ, რომ სხვა აფთიაქებში დავნერგოთ, სადაც სივრცე მოგვცემს ამის შესაძლებლობას, რომ განვათავსოთ. რადგან საკმაოდ დიდი სივრცე სჭირდება ჩვენს სააფთიაქო რობოტს.’’- განაცხადა ლალი ბერგაძემ ,,კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში.
,,ავერსი’’ პირველი სააფთიაქო ქსელია, რომელმაც მომხმარებელს თვითმომსახურების სერვისი შესთავაზა და აფთიაქებში სწრაფი გადახდის აპარატები დაამონტაჟა. მომხმარებელს დარბაზში პროდუქტის შერჩევა და თანხის გადახდა დამოუკიდებლად შეუძლია. ,,ავერსის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს სერვისი ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, ამიტომ გეგმავენ ქსელში არსებულ ყველა აფთიაქი სწრაფი გადახდის მონიტორებით აღჭურვონ.
„ავერსი’’ იყო პირველი სააფთიაქო ქსელი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დანერგა სწრაფი გადახდის აპარატი და მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე საკმაოდ ბევრ სააფთიაქო ქსელშია. მომხმარებელი დარბაზში არსებულ პროდუქციას აიღებს ფარმაცევტის დახმარების გარეშე. თვითონ აკეთებს არჩევანს და თავად იხდის აპარატით, ისე რომ არ სჭირდება რიგში დგომა. სწრაფად, მარტივად და ურიგოდ იძენს ნივთს. სწრაფი გადახდის აპარატების ყველგან განთავსება გვინდა. იმიტომ, რომ იმდენად მოსწონს მომხმარებელს თვითმომსახურების აპარატი, რომ გვინდა ყველგან განვათავსოთ ქსელში.’’- განაცხადა ლალი ბრეგაძემ.
,,ავერსის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა 2024 წელს გაიზარდა. ლალი ბრეგაძის თქმით, გასული წელი რთული იყო, თუმცა სააფთიაქო ქსელმა ერთგული მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა შეძლო. ეს სააქციო შეთავაზებებმა და სხვადასხვა პროდუქტზე ყოველკვირეულმა ფასდაკლებამ განაპირობა.
,,2024 წელი რთული იყო, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტი ლოიალური და მეტი ერთგული მომხმარებელი შეიძინოს ,,ავერსმა’’. 2024 წელი შედარებით იყო გამორჩეული ერთგული მომხმარებლების ზრდით. ერთგული მომხმარებლების რიცხვი ნამდვილად არის გაზრდილი. ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს ჩვენს ბაზარზე. შესაბამისად, ვცდილობთ რომ ამ ჯანსაღ კონკურენციას, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ვცდილობთ, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობას შევთავაზოთ მათთვის სასარგებლო აქციები და შეთავაზებები. ჩვენ თითქმის ყოველკვირეულად გვქონდა შეთავაზებები სხვადასხვა პროდუქტებზე. ეს ეხებოდა როგორც სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, ბავშვთა კვებას, ბავშვთა მოვლას, ასევე ეხებოდა მედიკამენტებს. სწორედ, ამან განაპირობა ,,ავერსის'' ერთგული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა 2024 წელს.’’- განაცხადა ლალი ბრეგვაძემ.
2025 წელს ,,ავერსი’’ ქსელის გაფართოებას გეგმავს. ახალი აფთიაქები გაიხსნება როგორც თბილისში, ასევე იმ ქალაქებში, სადაც ქსელს ფილიალი ჯერ არ აქვს.