იფქლი დიღომმა საქართველოში წარმოებული პური ექსპორტზე ისრაელში გაიტანა. საექსპორტო პროდუქციის პირველი პარტია კომპანიამ დღეს გაგზავნა, ჯამში 35 000 ერთეული. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი გვიხსნის, რომ საქართველოში წარმოებულმა პურმა დააკმაყოფილა ყველა ის სტანდარტი, რაც ისრაელში ექსპორტირებულ საკვებ პროდუქციას სჭირდება, ეს კი გახდა ექსპორტის წინაპირობა.

მისი თქმით, "იფქლი დიღომის" წარმოების პური ისრაელში მსხვილი სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება და ის დანიშნულების ქვეყანაში ყველა სტანდარტის დაცვით, გაყინულ კონდიციაში იგზავნება.

“პირველად გადის ქართული პური ექსპორტზე საზღვარგარეთ. პირველი ქვეყანა, სადაც პური გაიგზავნება არის ისრაელი. იყო ჩამოსული დელეგაცია, ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ, იყო დეგუსტაცია, გავატანეთ ნიმუშები, რის შემდეგაც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში გაიარა აკრედიტაცია, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, სტანდარტი და პარამეტრი, რაც მათ ქვეყანას აქვს. გავიარეთ ეს ეტაპები, დავაკმაყოფილეთ და დღეს ვაგზავნით პირველ მანქანას.

ეს არის 40 ტონიანი მაცივარი, კონტეინერი, რომლითაც პური მიდის გამომცხვარი მზა სახით, გაყინული. ცხობის შემდეგ, შოკის მაცივარში, -35 გრადუსზე, შოკის პრინციპით ვყინავთ, ვათავსებთ -18 გრადუს კონტეინერში და ზღვით ხდება ტრანსპორტირება. ტრანსპორტირების დროს შენარჩუნებული არის ტემპერატურა და უკვე გაყინულ მდგომარეობაში პურის ვადა არის 6 თვემდე. გალღობის შემდეგ ისეთ სტრუქტურას ინარჩუნებს, როგორც ახალი გამომცხვარი პური. ამ ეტაპზე ექსპორტზე 15 ტონა პური გავიდა ექსპორტზე.”-ამბობს სოფიო ბედიაშვილი, “იფქლი დიღომი”-ის მარკეტინგის მენეჯერი.

bm.ge