„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია 1999 წელს შეიქმნა 2011-2012 წლამდე ამ სფეროში არაფერი არ ხდებოდა.“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ საავტორო უფლებებზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით საავტორო უფლებათა ასოციაციამ 2011 წლის მეორე ნახევრიდან რეფორმები დაიწყო და შედეგად თუ 2012 წლამდე საშუალოდ 250 000 ლარის ჰონორარი გროვდებოდა 2019 წელს 22 -ჯერ მეტი ჰონორარი შეაგროვა.
„2012 წლიდან ჩვენ დავიწყეთ რეფორმირება და თუ წინა წლებში წლიურად გროვდებოდა 250 000 ლარის ჰონორარი, 2019 წლამდე ანუ პანდემიამდე და შემდეგ 2022 წელს შევაგროვეთ 22-ჯერ მეტი 5 500 000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტორების შემოსავალი გაიზარდა 22-ჯერ, მეორე მხარეს უკმაყოფილება დიდია, რადგან არავის ეხალისება ფულის გადახდა, თუმცა ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ გადაეხადათ ფული ავტორისთვის.
ნებისმიერი ადამიანი, მოსარგებლე, რომელიც იყენებს საავტორო ნაწარმოებს და განსაკუთრებით ეს ეხება მუსიკას, ვალდებულია კანონით, რომ ამისთვის ჰქონდეს ნებართვა, ეს არის ერთი ვალდებულება და მეორე ვალდებულება არის ის, რომ ჩვენ მოგვაწოდოს ინფორმაცია გამოყენებული ნაწარმოების შესახებ , ეს ეხება კაფე-ბარს, მაღაზიას, რადიოს, თეატრს და ა.შ. ზოგი ტარიფი ანგარიშდება შემოსავლის მიხედვით, სასტუმროების მაგალითზე ოთახების მიხედვით, რესტორნების შემთხვევაში დასაჯდომის მიხედვით და ა.შ.
მაგალითად, რადიო კომპანიები გვიგზავნიან მონაცემებს იმის შესახებ თუ რა მუსიკალური ნაწარმოები გადის მათ ეთერში და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე და მათ მიერ გადახდილი გადასახადის საფუძველზე ვახდენთ ამ ფულის განაწილებას, ფული ნაწილდება როგორც საქართველოში და ქართველ ავტორებს ერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე, ასევე ჩვენ გვაქვს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან, 253 ხელშეკრულებაა და აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ მათი კუთვნილი შემოსავალიც გადავურიცხოთ და ისინიც იღებენ ვალდებულებას და აგროვებენ ქართველი ავტორების ჰონორარს და გვიგზავნიან ჩვენ. პროპორციას რომ შევხედოთ, რადგან არ შეიძლება, რომ ქართული შემსრულებლების ჰონორარი დანარჩენ მსოფლიოს აღემატებოდეს, ბუნებრივია, რომ უფრო მეტი გამოიყენება უცხოური აქ და ნაკლები ქართული უცხოეთში,“ - აღნიშნა გიგა კობალაძემ.
გიგა კობალაძე განმარტავს, რომ ყოველთვიურად ყველა რადიო კომპანია უგზავნის „ფლეილისტს“ თუ რამდენჯერ იქნა გამოყენებული ამა თუ იმ ავტორის მუსიკა, მისივე თქმით თუ რადიო კომპანიამ გააგზავნა 100 ნაწარმოები საიდანაც ხუთი ნაწარმოები შესრულდა 5-ჯერ მეორე 5 10-ჯერ და ა.შ. ამ პროპორციით ანგარიშდება რადიო კომპანიის გადახდილი ფული და იყოფა რაოდენობაზე.
„თუ რადიო კომპანიამ უარი განაცხადა ჰონორარის გადახდაზე, ერთადერთი მექანიზმი გვაქვს ის, რომ მივმართოთ სასამართლოს, დღემდე ჩვენ წელიწადში გვაქვს 100 სასამართლო პროცესი და გვაქვს ორი ტიპის დავები, ერთი არის როდესაც უარს აცხადებენ ლიცენზიის აღებაზე, მეორე დავაა, როცა აქვთ ლიცენზია აღებული და თავს არიდებენ გადახდას. ავტორს შეუძლია დამრღვევისგან მოითხოვოს კომპენსაციის გადახდა, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ ათმაგი ოდენობა იმისა, რასაც გადაიხდიდა გამომყენებელი კანონიერად გამოყენების შემთხვევაში.“ - აღნიშნა გიგა კობალაძემ.