სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ დამფუძნებელი აქციონერები, კახი ბექაური და გიორგი ჩხეიძე, მიკრობანკ „კრისტალის“ აქციონერები ხდებიან. ამისთვის სს „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ კაპიტალში „კრისტალის“ აქციები არაფულადი შენატანის სახით შევა. ბიზნეს რეესტრისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია მირკობანკის აქტივების 20.01%-ზე.

სს „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ მიერ მიკრობანკ "კრისტალის" მნიშვნელოვანი მინორიტარული წილის შეძენა BMG-ს არჩილ ბაკურაძემ დაუდასტურა, რომელიც "კრისტალში" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ხოლო "ლოტუსში" დირექტორია, თუმცა გარიგების დეტალებზე არ უსაუბრია.

2026 წლის 24 ოქტომბერს გამართული „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებით, კომპანიაში კახი ბექაური და გიორგი ჩხეიძე თანაბარი, 36.45%-იანი წილებით არიან წარმოდგენილი, ხოლო კომპანიის 27.1%-ს „კრისტალის“ დამფუძნებელი აქციონერი არჩილ ბაკურაძე ფლობს.

საერთო კრებამ „კრისტალის“ აქციების „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ კაპიტალში ორ ეტაპად შეტანა დაამტკიცა. პირველ ეტაპზე კომპანიას 198,155 აქცია გადაეცემა, ხოლო მეორე ეტაპზე დამატებით 529,212 აქცია. შესაბამისად, „ლოტუსის“ კაპიტალში ჯამში მიკრობანკ „კრისტალის“ 727,367 აქცია შევა. პირველი ეტაპის დასრულების ვადად 2027 წლის 31 მარტი, ხოლო მეორე ეტაპისთვის 2027 წლის 30 სექტემბერია განსაზღვრული.

გარიგების ფარგლებში „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ განთავსებული კაპიტალი 100 ათასი ლარიდან 643,581 ლარამდე გაიზრდება. აქციების გადაცემა „კრისტალის“ მოქმედი და ყოფილი აქციონერების მიერ განხორციელდება, მათ შორის არიან ალუ გამახარია, ვახტანგ ბაკურაძე, ბადრი ალფაიძე, კახა გაბესკირია, მირიან ლომიძე, ზვიად ზამბახიძე, ჯაბა გველებიანი, არჩილ ბაკურაძე და დავით ბენდელიანი.

როგორც „ლოტუს იმპექტ ფაინენსის“ დირექტორმა არჩილ ბაკურაძემ BM.GE-ს განუცხადა, კომპანიას „კრისტალში“ უკვე მნიშვნელოვანი მინორიტარული წილი აქვს, თუმცა გარიგების კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ლოტუს იმპექტ ფაინენსისა“ და მასთან ერთობლივად მოქმედი აქციონერების შესაფერისობა დაადასტურა, რაც მიკრობანკ „კრისტალის“ მნიშვნელოვანი წილის შეძენას უკავშირდება.

ვრცლად: bm.ge