OnePlus იმ ორ ბაზარს ემშვიდობება, რომლებმაც ბრენდის გლობალური წარმატების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში კომპანია მაღალი კლასის მახასიათებლების მქონე, თუმცა შედარებით ხელმისაწვდომი სმარტფონებით ბაზრის ლიდერებს კონკურენციას უწევდა. ახლა კი OnePlus აშშ-სა და ევროპიდან გადის და ამით განვითარების ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ასრულებს. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გამოშვებული ბოლო მოდელი OnePlus 15 იქნება.
OnePlus-ის განმარტებით, გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირებამ, კომპონენტების გაძვირებამ და დედაკომპანიის, Oppo-ს, სტრატეგიულმა რეორგანიზაციამ. ისიც აღსანიშნავია, რომ თავად Oppo ევროპაში საქმიანობას გააგრძელებს.
როგორ დაკარგა OnePlus-მა პოზიციები
OnePlus პოპულარობა მოიპოვა, როგორც ე.წ. „Flagship Killer“ – ბრენდი, რომელიც პრემიუმმახასიათებლების მქონე სმარტფონებს კონკურენტებზე დაბალ ფასად სთავაზობდა მომხმარებლებს.
კომპანიის ცნობადობას ხელი შეუწყო ამერიკულ ოპერატორებთან, მათ შორის T-Mobile-თან და Verizon-თან თანამშრომლობამაც.
თუმცა ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა. სმარტფონებზე მოთხოვნის შემცირებამ, კონკურენციის ზრდამ და მეხსიერებისა თუ სხვა კომპონენტების გაძვირებამ მწარმოებლებს ხარჯები მნიშვნელოვნად გაუზარდა.
რა შეიცვლება არსებული მომხმარებლებისთვის
OnePlus-ის თქმით, ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება და მომხმარებლებისთვის მოულოდნელი არ იქნება.
კომპანია გააგრძელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების გამოშვებას, უსაფრთხოების პატჩების მიწოდებას, საგარანტიო მომსახურებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
მომავალში მოწყობილობების მომსახურებაში უფრო დიდი როლი Oppo-ს ექნება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, OnePlus-ის ოპერაციული სისტემა OxygenOS შესაძლოა ეტაპობრივად Oppo-ს ColorOS-მა ჩაანაცვლოს. მომხმარებლებს OxygenOS-ის გამოყენების გაგრძელება შეეძლებათ, თუმცა ამან შესაძლოა მომავალში პროგრამული განახლებების მიღებაზე იმოქმედოს.
არსებული ინფორმაციით:
- Oppo ევროპაში პოზიციების გაძლიერებაზე გააკეთებს აქცენტს;
- Realme საერთაშორისო ბაზრების გაფართოებაზე კონცენტრირდება;
- OnePlus კი ამ ეტაპზე ჩინეთსა და ინდოეთში გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ცვლილებები ინდოეთის ბაზარზეცაა მოსალოდნელი 2027 წლიდან.
2013 წელს დაარსებულმა OnePlus-მა ერთგული მომხმარებლების ბაზა თავდაპირველად მოსაწვევებით (invite-only) გაყიდვების მოდელით და „სუფთა Android გამოცდილებით” მოიპოვა.
დასავლეთის ბაზრებიდან გასვლა მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბრენდისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მომხმარებლებს დევიზით “Never Settle” („არასდროს დაკმაყოფილდე ნაკლებით“) მიმართავდა. ახლა კი, როგორც ჩანს, კომპანია გაცილებით უფრო მცირე გეოგრაფიულ მასშტაბზე კონცენტრირდება.