დამაბალანსებელმა მოსაკრებელმა რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე  ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გადასახადის დაწესებამ რუსული ფქვილი გააძვირა, რის გამოც მცხობელები მის ყიდვას ვერ ახერხებენ. მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ გადასახადის დაწესებით დაზარალდნენ შემომტანებიც, რადგან მათ პროდუქტის შემოტანის საშუალება გადაუკეტეს. ,,პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე  აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და პურის მწარმოებლებს არჩევანის გაკეთების საშუალება ეზღუდებათ. 

,,რუსული ფქვილის ფასები ძალიან მაღალია. შემომტანებს ვეკითხებით და გვეუბნებიან, რომ გაიზარდა გადასახადი. ტონაზე გახდა 300 ლარი. შემომტანებს შემოტანის საშუალება გადაუკეტეს. მეუბნებიან, რომ 3 ათასი ტონა ფქვილი შემოდისო რუსეთიდან. სად არის ეს ფქვილი? ჩემთვის გაუგებარია, რადგან ხელმისაწვდომობა არ აქვთ პურის მცხობელს. პურის მცხობელები ვერ ყიდულობენ რუსულ ფქვილს. ამაშია ძირითადად ჩვენი თავის ტკივილი. თუ იყიდიან შეიძლება გაკოტრდნენ. ყველა ვერ შეძლებს ყიდვას. ჩადენილი არის ბოროტება. ცალმხრივად ნაფიქრალია. არ შეიძლება ასე. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. თუ საბაზრო ეკონომიკა გვაქვს, საბაზრო ეკონომიკაში უნდა მქონდეს არჩევანის საშუალება.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

რატომ არის რუსული ფქვილი მნიშვნელოვანი ქართული პურის წარმოებისთვის? მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ ქართული ფქვილი თავისი ხარისხით ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი პურის წარმოებას, რის გამოც მცხობელები ცომში რუსულ ფქვილს ურევენ. მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის ფასის შენარჩუნება მისი ხარისხის დათმობით იქნება შესაძლებელი.

,,ფასს შევინარჩუნებთ, მაგრამ ხარისხზე ვლაპარაკობთ. ხარისხზე იმოქმედებს ეს. 100 კგ. ფქვილში უნდა ჩავაბარო 130 კგ. პური. ქარხნის გამოსავლიანობაზეც მოქმედებს. თუ წყლის შთანთქმის უნარი არ აქვს ფქვილს, მე გამოსავალი როგორ გამომივა. ეს ძალიან ცუდია ტექნოლოგიური პროცესისთვის, რადგან ტექნოლოგია განიხილავს, იმას რომ ძლიერი და სუსტი ფქვილები უნდა შეურიო და ისინი ერთმანეთს აბალანსებენ. რუსულ ფქვილს გააჩნია მაღალი წებოგვარა, გლუტენი, პროტეინი, რომელიც პურის ცხობისთვის აუცილებელია. თუ გვინდა ხარისხიანი პური მივიღოთ, როდესაც ფქვილი ცოტა სუსტია მას უნდა შეურიო მაღალი ხარისხის ფქვილი. რუსული ხორბალი გამოიყენება შერევის მიზნით. როდესაც ვლაპარაკობთ მაღალ ხარისხზე, აქ საუბარი არის წებოვნებაზე. მთავარია, რომ მშრალმა ნივთიერებამ წყლის შთანთქმა შეძლოს და პური იყოს ელასტიური, ფაფუკი და ტექნოლოგიურ პროცესში მოგვცეს კარგი გამოსავლიანობა.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მცხობელებს ხელი უნდა შეეწყოთ და ფქვილის შეძენის დროს მათ არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეთ.  მალხაზ დოლიძე მიიჩნევს, რომ გადასახადის დაწესებით სექტორი ახალი გამოწვევის - პურის ხარისხის შენარჩუნების წინაშე დადგა.

,,მცხობელმა თუ ვერ იყიდა ფქვილი როგორ შეურევს? ხომ უნდა ვიყიდო ბაზარზე? უმაღლესი ხარისხის ფქვილი ერთი ტომარა 20 ლარით გაძვირდა. ისედაც ტენდენცია იყო ფასების მომატების. ამ დროს შენ საერთოდ გადაკეტო ეს საშუალება, ეს არის ვიღაცის მიერ შეგნებულად გაკეთებული და ეს არის დიდი ბოროტება. პურის ხარისხი უკეთესი უნდა იყოს და ამის საშუალება უნდა მოგვცენ. დღეს ყველა წარმოება მუშაობს დეკლარირებულ სტანდარტზე. ეს რას ნიშნავს? შენ როგორც მიგაჩნია, როგორი უნდა იყოს საუკეთესო პური, რომ ბაზარზე ყველას აჯობო, თავად შეიმუშავებ სტანდარტს. მინდა 5 კგ.-ს შევურევ, მინდა 7 კგ.-ს შევურევ. მცხობელებს უნდა შევუწყოთ ხელი როგორც ფასში, ასევე ხარისხში ხელმისაწვდომობაში. როდესაც გექნება რუსული ფქვილი ქართული წისქვილი ეცდება, რომ თავისი ხარისხი ასწიოს რუსული ფქვილის დონეზე და ფასზე. ჩვენ რა გავაკეთეთ? ის მოვსპეთ და დავტოვეთ ერთი მოთამაშე ბაზარზე. არავითარი შეჯიბრითობა და არავითარ ხარისხზე საუბარი არ არის აქ. ეს არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა საბაზრო ეკონომიკისთვის და დარგის განვითარებისთვის. დააქცევდა ვინმეს, რომ გვქონოდა საშუალება, რომ შეგვერია ფქვილები ერთმანეთში და კარგი ხარისხის პური გამოგვეცხო?’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უახლოეს პერიოდში შეხვედრა გაიმართება, სადაც ის მცხობელების პოზიციას დააფიქსირებს და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრებს.