სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ გასულ წელს 121.9 მილიონი ლარის საბანკო სესხი მოიზიდა, რომელიც რეკორდული რაოდენობის ყურძნის შესყიდვის დასაფინანსებლად გამოიყენა.

2025 წლის რთველის ფარგლებში კომპანიამ 145.7 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარა, რაც ქვეყანაში მოკრეფილი დაახლოებით 330 ათასი ტონა მოსავლის 44%-ს შეადგენს. ყურძნის შესყიდვაზე სახელმწიფომ ჯამში 240 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ სუბსიდირების პარალელურად კომპანიამ დამატებით საბანკო დაფინანსებაც გამოიყენა.

შეძენილი ყურძნის გადამუშავების შედეგად კომპანიამ 100.6 მილიონი ლიტრი ღვინო-მასალა და დაახლოებით 10 მილიონი ლიტრი აბსოლუტური სპირტის ეკვივალენტი საბრენდე სპირტი აწარმოა.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ დაგროვილი მარაგების რეალიზაცია რჩება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სუბსიდირების ფარგლებში წარმოებული პროდუქციის საწყის ფასად გაყიდვა ვერ ხერხდება, რის გამოც მარაგების ღირებულების შემცირება გახდა საჭირო.

2025 წლის ბოლოს კომპანიის მარაგები ბალანსში 220.7 მილიონ ლარად იყო აღრიცხული, თუმცა მათი ღირებულება 52.2 მილიონ ლარამდე ჩამოიფასა. შედეგად, მარაგების ღირებულება 168.5 მილიონი ლარით, ანუ 76%-ით შემცირდა.

კომპანიის განმარტებით, ჩამოფასება გამოწვეულია იმით, რომ აუქციონებზე პროდუქციის რეალიზაცია საწყისი ფასით ვერ ხდება და გასაყიდად ფასის ეტაპობრივი შემცირებაა საჭირო.

მსგავსი პრაქტიკა წინა წლებშიც დაფიქსირდა. 2022 წელს კომპანიამ მარაგების ღირებულება 68 მილიონი ლარით შეამცირა, ხოლო 2024 წელს 102 მილიონი ლარის მარაგი 39 მილიონ ლარამდე ჩამოაფასა.

დაგროვილი პროდუქციის გაყიდვის სირთულე 2026 წელსაც გაგრძელდა. წლის დასაწყისში კომპანიამ აუქციონზე 10 მილიონი ლიტრი ახალგაზრდა საკონიაკე სპირტი გამოიტანა. თავდაპირველად მისი საწყისი ფასი 80 მილიონი ლარი იყო, თუმცა პირველი აუქციონების ჩავარდნის შემდეგ ფასი ჯერ 72 მილიონ, მოგვიანებით კი 64.8 მილიონ ლარამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, მესამე აუქციონიც უშედეგოდ დასრულდა და პროდუქცია კვლავ გაუყიდავი დარჩა.

„მოსავლის მართვის კომპანია“ მთავრობამ 2021 წელს რთველის მართვის მიზნით შექმნა. თუ წინა წლებში კომპანია საშუალოდ 40-50 ათას ტონა ყურძენს იბარებდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ გაიზარდა.

სპეციალისტები ჭარბ მოსავალს, მათ შორის, ვენახების ფართობის ზრდას უკავშირებენ. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში ვენახების ფართობმა 59.9 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 2014 წელთან შედარებით 81%-ით მეტია.

ამასთან, გადამამუშავებელი სიმძლავრეები და საექსპორტო ბაზრები იმავე ტემპით არ გაზრდილა. 2025 წელს ღვინის ექსპორტი 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 3%-იანი კლებაა, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 237 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 6%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვა აუცილებელია, რათა მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ. უწყების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი მოსავალი სექტორის განვითარების შესაძლებლობას ქმნის, დაგროვილი მარაგების გაყიდვა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.