ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, სასტუმროებში მარტი-აპრილის პერიოდში ტურისტული ჯავშნების გაუქმებები ფიქსირდება.
როგორც ბიზნესმენი BMG-სთან აცხადებს, ჯავშნები ძირითადად არაბული და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან უქმდება, როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და კახეთში მდებარე სასტუმროებში.
მისი თქმით, მხოლოდ თბილისში მდებარე „ჰილტონ გარდენ ინში“ 300 ათასი ლარის ჯავშნები გაუქმდა. პაპაშვილი ამბობს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, უფრო აქტიურად მუშაობენ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაზე, მათ შორის იმ ვიზიტორების, რომლებიც მოგზაურობას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აპირებდნენ
„[ფრენების] გაუქმების გამო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან [ჯავშნების] მნიშვნელოვანი კლება არის მარტ-აპრილზე და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან დიდი იმედია, რომ მალე დასრულდება ეს პროცესები და ისევ აღდგება [ჯავშნები].
ჩვენი სასტუმროებია ბათუმში, ყვარელში, სიღნაღში, ყველგან მნიშვნელოვანი გაუქმებებია. მხოლოდ „ჰილტონში“ 300 000 ლარამდე მოცულობის [ჯავშნები] გაუქმდა. [ტურისტების] მნიშვნელოვანი ნაკადი მოდიოდა ახლო აღმოსავლეთიდან, ყურის ქვეყნებიდან. დღესდღეობით ჩვენ თვითონ უფრო აქტიურად ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, ჩვენს მეზობლებთან – თურქეთში, რუსეთში, რომ ჩამოვიყვანოთ იქიდან ტურისტები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად იმუშაოს ახლა ქართულმა ბიზნესმა, რომ ამ გადანაწილების პროცესში უკეთესი ნაწილი შეგვხვდეს. მილიონობით ტურისტი ჩადიოდა და ძალიან დიდი დანაკარგებია [სპარსეთის] ყურის ქვეყნებში. ამ გადამისამართებაში ჩვენ მნიშვნელოვანი როლი რომ ვითამაშოთ, ძალიან აქტიური და დაუღალავი შრომა გვჭირდება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს. პირველ რიგში, ქვეყნის მეტი მარკეტინგი, რომ ჩვენ ვართ „safe“ ქვეყანა, ჩვენ ვართ დაცულები, რომ ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია, არის უსაფრთხოება“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.