ქართული ნატურალური თაფლისა და თაფლის პროდუქტების კომპანია ,,რუხი დედოფალი" საუდის არაბეთის ბაზარზე შედის. კომპანია აქტიური მოლაპარაკებების ეტაპზეა. ,,რუხი დედოფლის“ დამფუძნებელი თაკო კვარაცხელია ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ახალ ბაზარზე ისინი კოსმეტიკის ხაზში არსებულ ყველა პროდუქტს შეიტანენ. მათ შორის არის როგორც სახის, ასევე ტანის მოვლის საშუალებები.
,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან კოსმეტიკის ხაზზე. კოსმეტიკის ხაზს ვავითარებთ და უფრო მეტი პროდუქცია გვაქვს, ვიდრე გვქონდა. გვაქვს დიდი მოლაპარაკება საუდის არაბეთთან, რომ ჩვენი კოსმეტიკის ხაზი სრულად გავიტანოთ ექსპორტზე ამ ქვეყანაში. აქამდე საუდის არაბეთში კოსმეტიკის ხაზის ექსპორტი არ გვქონია. მიმდინარეობს კოსმეტიკის ხაზის პროდუქციის რეგისტრაცია. აქტიური მუშაობის პროცესში ვართ. იგეგმება სრული ხაზის შეტანა. როგორც სახის მოვლის საშუალებების, ასევე კანის მოვლის საშუალებების. სკრაბების, კრემების, ეთერზეთების, კოლაგენებისა და შრატების. რაც გვაქვს პროდუქცია, ყველაფრის შეტანას ვგეგმავთ.’’- აცხადებს თაკო კვარაცხელია.