2022 წლის პირველ იანვარს ძალაში შევიდა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი, რომელმაც ახლებურად და განსხვავებულად დაარეგულირა ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობასთან. ეს ეხება სარეგისტრაციო ეტაპიდან დაწყებული, საქმიანობის დასრულების ყველა ეტაპზე არსებულ პრობლემებს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვადა მეწარმეებს რამდენიმე თვეში, 2023 წლის 31 დეკემბერს, ეწურებათ. მანამდე მოქმედმა სუბიექტებმა თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ.

ახალი კანონის მოთხოვნებსა და კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, იურიდიული ფირმა Colliers Georgia Legal-ის მმართველმა პარტნიორმა ლაშა ცერცვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მეწარმეებს წლის ბოლომდე აქვთ ვადა იმისათვის, რომ სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. თუმცა, ამის უკან რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ იმალება.

„პრობლემური საკითხი შეიძლება წარმოიშვას, როცა პარტნიორებს შორის არის დავა, ან სასამართლოშია დავა, ან პარტნიორი გარდაცვლილია. დავას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა პარტნიორები ვერ შეთანხმდნენ ახალ წესდებაზე, ან ვერ შეთანხმდნენ, ზოგადად იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული შაბლონური წესდებები გამოიყენონ. ცვლილებების მთავარი იდეა და მიზანი გახლავთ ის, რომ ძალიან ბევრი იურიდიული პირია რეგისტრირებული - 800-მდე, აქედან უმრავლესობა შპს-ა, თუმცა, ამდენი მოქმედი ბიზნესი არ არის საქართველოში, კარგი იქნებოდა, რომ იყოს. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, ვინ არის რეალურად მოქმედი ბიზნესი, ვის აინტერესებს კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ამ იურიდიული პირის საშუალებით, ამის გამოსავლენად ცვლილებები კანონში მნიშვნელოვანი მომენტია. ის ორგანიზაციები, რომლებიც არ მოიყვანენ შესაბამისობაში თავიანთ სარეგისტრაციო მონაცემებს, მათ წლის ბოლოდან კიდევ 3-თვიანი ვადა ეძლევათ, რომ ეს ხარვეზი შეავსონ, მერე დაიწყება მათი სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის პროცესი“, - განმარტავს ლაშა ცერცვაძე.

მისი თქმით, სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მეწარმე სუბიექტები ავსებენ სადამფუძნებლო შეთანხმებას, რომელსაც აწერს ხელს ყველა პარტნიორი და ირჩევენ წესდებას.

„მეწარმეთა შესახებ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებიდან გამომდინარე, ნათლად არის ჩამოყალიბებული მოთხოვნები. მეწარმე სუბიექტები ავსებენ სადამფუძნებლო შეთანხმებას, რომელსაც აწერს ხელს ყველა პარტნიორი, შემდეგ ირჩევენ ინდივიდუალურ წესდებას, რომელიც შესაბამის იურისტს დააწერინეს. თუ ისინი იმ წესდებას ირჩევენ, რომელიც განთავსებულია რეესტრში, მაშინ არაფრის წარდგენა არ სჭირდებათ. ერთადერთი რაც უნდა გააკეთონ ყველა პარტნიორმა უნდა შეავსოს სადამფუძნებლო შეთანხმებაა“, - აცხადებს ლაშა ცერცვაძე.

მისი თქმით, თუ სამეწარმეო საზოგადოება 1 პირის მიერაა დაფუძნებული, არ არის აუცილებელი წესდების იურისტისთვის შეკვეთა და ამაში ფული ხარჯვა.

„წესდება არის პარტნიორთა შეთანხმება, სადაც პარტნიორები არეგულირებენ ერთმანეთთან ურთიერთობას: ვის რა ხმის უფლება აქვს, როგორ დანიშნავენ დირექტორს, დივიდენდის განაწილება როგორ მოხდება და ა.შ. თუ მხოლოდ 1 დამფუძნებელი ჰყავს კომპანიას, მე ვფიქრობ, ამას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული წესდება, გარდა ერთი შემთხვევისა: თუ მეწარმე მომავალში არ აპირებს მოახდინოს ინვესტიცია და ამ გზით შემოიყვანოს პარტნიორები. ასეთ დროს უმჯობესია, რომ ინვესტიციის მოზიდვამდე მზად დახვდეს ამ ცვლილებას.

როცა ბიზნესს რამდენიმე პარტნიორი ჰყავს, როცა პარტნიორების წილები 50-50 პროცენტზეა და ამ შემთხვევაში თუ დავა წარმოიშვა და წესდებაში არ არის დარეგულირებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდება კომპანია. ამიტომ, ერთზე მეტი პარტნიორის შემთხვევაში წესდება იურისტმა უნდა შეადგინოს“, - განმარტავს ლაშა ცერცვაძე.