მარტის დღესასწაულებზე ყვავილებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება, 3 და 8 მარტის გათვალისწინებით, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.
ყვავილების მაღაზია Amelie Flowers Shop-ში "კომერსანტს" უთხრეს, რომ წელს მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია და ამიტომაც, მომხმარებლები, რომლებსაც საყვარელი ადამიანისთვის "ამელის" ჩუქება უნდათ, რიგს რამდენიმე დღით ადრე იკავებენ. "ამელის" თანადამფუძნებლის, ნუკა ჩოხელის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მათ ბინზესზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან გარემოებები, რისთვისაც მომხმარებლები ყვავილებს ყიდულობდნენ უცვლელია.
"ყვავილები ნიდერლანდებიდან ჩამოგვდის კვირაში ორჯერ, არანაირი პრობლემა არ გვქონია იმპორტთან დაკავშირებით. მოთხოვნა იმდენად არის გაზრდილი, რომ წელსაც არ ვართ მზად მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. მომხმარებლებს უწევთ, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭირონ და თაიგულები 2 დღით ადრე შეუკვეთონ, რადგან 8 მარტისთვის მარაგები შეიძლება აღარ იყოს.
„ამელიში“ ვარდზე ზუსტად ის ფასია, რაც გარემოვაჭრეებს აქვთ და ზოგიერთ პოზიციაზე ფასები გავაიაფეთ კიდეც. მოთხოვნის ზრდამ საშუალება მოგვცა, ისეთი პროდუქტები შეგვეთავაზებინა, რომელიც ბევრისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ფალიაშვილზე, ჩვენს მაღაზიაში, მზა თაიგულების სტენდიც დავამატეთ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც 50 ლარამდე თაიგული სურთ",- თქვა "ამელის" თანადამფუძნებელმა.