საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

GCCA-ის თავმჯდომარემ, ICPEN-ის პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელის რანგში, გახსნითი პანელის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგი ერთი წლის პერიოდში საქმიანობის პრიორიტეტები წარუდგინა, ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე. მისი თქმით, GCCA-ის მიზანია, უზრუნველყოს ღია და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

 

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სამ ძირითად პრიორიტეტზე იმუშავებს. პირველი - მომხმარებელთა დაცვის ახალი და განვითარებადი უწყებების მხარდაჭერა; მეორე - მომხმარებელთა უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების პირობებში; მესამე - მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა. საქართველო მოუთმენლად ელის UNCTAD-თან, ICPEN-ის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას 2026-2027 წლების პრეზიდენტობის პერიოდში, რათა ერთობლივად შევქმნათ უფრო სამართლიანი, სანდო და ინკლუზიური ბაზრები მომხმარებლებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

 

მისივე თქმით, ICPEN-ის ხელმძღვანელობის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

უწყების მხრიდან ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილია - Building Trust in the Digital Age.

 

„მომხმარებელთა ნდობა სამართლიანი ბაზრის საფუძველია, ხოლო მის განმტკიცებაში საერთაშორისო თანამშრომლობას, ეფექტიან აღსრულებასა და ინოვაციურ მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

 

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ლექვინაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის 23-ე სესიაში, რომელიც 8-10 ივლისს გაიმართება.

 

სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ჟენევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე იმყოფება.