საქართველოში „ლუკოილის“ პირდაპირი საკუთრებაში 24 ავტოგასამართი სადგურია, 26 სადგური ნაქირავებია, 10 კი ფრენჩაიზინგის ფორმატში ფუნქციონირებს. მთლიანობაში, კომპანიის წილი ქართულ ბაზარზე მცირეა, ხოლო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა დიდ მოთამაშეებს ეკუთვნის, რომელთა მფლობელობაში დაახლოებით 150 ავტოგასამართი სადგურია ,- ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა რადიო კომერსანტის ეთერში ისაუბრა. 

მისივე ინფორმაციით, რუსეთიდან გამომდინარე, საწვავის მოწოდების გეოგრაფია შეიცვალა, თუმცა საქართველოსთვის ლოგისტიკის მხრივ პრობლემა არ არსებობს.

,,საქართველოში „ლუკოილის“ საკუთრებაში 24 ავტოგასამართი სადგურია, 26 სადგური ნაქირავებია, 10 - ფრენჩაიზინგი. ანუ მაინცდამაინც დიდი წილი ქართულ ბაზარზე კომპანიას არ აქვს. ჩვენთან არიან უფრო დიდი კომპანიები, რომელთა საკუთრებაში 150 გასამართი სადგურია.

რუსეთიდან გამომდინარე, ჩვენ ფაქტობრივად, მოწოდების ქვეყნების გეოგრაფია შევცვალეთ. ლოგისტიკის მხრივ ჩვენთვის პრობლემა არ არსებობს, საიდანაც არ უნდა იყოს - გვაქვს რკინიგზა, სახმელეთო საზღვრები, ზღვა.  აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით ვეუბნები ყველა მომხმარებელს, რომ საქართველოში საწვავის მოწოდების არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. გვყავს კომპანიები, რომლებიც „ლუკოილს“ ჩაანაცვლებენ. მცირედი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ფასების ცვლას ვგულისხმობ, რადგან დრო სჭირდება, რომ ბაზარი შეივსოს, სხვა მხრივ კი არანაირი პრობლემა, დეფიციტი საქართველოს არ ექნება",- განაცხადა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა. 

ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, „ლუკოილს“ ქსელი მთელ მსოფლიოში აქვს, მათ შორის, ევროპაში, ყველაზე დიდ ქსელს კი კომპანია ამერიკაში ფლობს.

,,სანქციები ეხება არა მხოლოდ „ლუკოილს“, არამედ „როსნეფტიც“ იმავე სიტუაციაშია - ორივე კომპანია დასანქცირებულია. „ლუკოილი“ ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშიც, დაწყებული ესპანეთიდან, დამთავრებული ბულგარეთით. ასევე, თურქეთშიც „ლუკოილი“ უდიდეს ქსელს ფლობს. ასევე, აზერბაიჯანშიც, რომელიც ნავთობის ქვეყანაა, ძალიან სერიოზული ქსელი აქვს. მთავარი მაინც ის არის, რომ „ლუკოილი“ ამერიკაში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს. მგონია, რომ რასაც გააკეთებენ სხვა, ჩვენზე დიდი ქვეყნები, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ - თუ სანქციებს არ დავემორჩილებით, ჩვენ არ ვიქნებით მსოფლიო სანავთობო ბაზრის სრულყოფილი წევრი",- თქვა იობაშვილმა "კომერსანტის" ეთერში.