15 წლის იუბილეს აღნიშვნის პარალელურად, ლუკა პოლარე საქართველოს ფარგლებს გაცდა და ბაქოში  წარმოება და პირველი ფილიალი გახსნა - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს. კომპანიის დირექტორის  თეა თაბაგარის თქმით ლუკა პოლარე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას რამდენიმე წელია აქტიურად განიხილავს, აზერბაიჯანის მიმართულებაზე კომპანია წლის დასაწყისიდან მუშაობს. კომპანიამ აზერბაიჯანში, ბაქოში საწარმოო სივრცე და ფილიალი გახსნა. 

„მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ბრენდისთვის, ასევე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ქვეყნებში გახსნის პროექტებზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ბრენდი ლუკა პოლარე  საერთაშორისო ბრენდი გახდა, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში გამოჩნდება. ვგულშემატკივრობთ სხვა ქართულ ბრენდებსაც და მოხარულები ვიქნებით, რომ ბევრი მათგანი ვიხილოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას და ჩვენი ეკონომიკის ზრდას“ - აღნიშნა თეა თაბაგარმა.

თეა თაბაგარი აღნიშნავს, რომ ლუკა პოლარეში ბაქოელებს შეუძლიათ დააგემოვნონ თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, მისივე თქმით ამას გარდა აზერბაიჯანის წარმოება ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული და მათი საყვარელი გემოებიც შეიქმნა.

აზერბაიჯანის ფილიალს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით შეივსო, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტები. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, ლუკა პოლარეს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი აღნიშნავს, პროდუქტის მიმართ ბაქოელების დაინტერესება საკმაოდ მაღალია. 

„გარდა იმისა, რომ წელს 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი გუნდისთვის და ბრენდისთვის წლის მოვლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაა. ბაქოში ფილიალი დიდი ზეიმით და მხიარულებით გავხსენით, ხალხის დაინტერესება ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ სტუმრებს შორის არიან ისინი, ვინც საქართველოდან გვიცნობენ და გავახარეთ მათ ქალაქში გამოჩენით. უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ლუკა პოლარე ბაქოშიც ისევე შეიყვარონ, როგორც საქართველოში .” - აღნიშნავს ანი ციცქიშვილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბრენდმა შეძლო და თავის კატეგორიაში ღირსეული ადგილი დაიკავა, რაც პირველ რიგში სტუმრების  ერთგულებამ და სიყვარულმა განაპირობა.

„დასაწყისშივე ბრენდი პოზიციონირებდა მაღალი ხარისხის/პრემიუმ პროდუქტებით და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებით, რაც სტაბილურად შეინარჩუნა წლების განმავლობაში, სწორედ ამან განაპირობა ჩვენს მიმართ სანდოობა და  შესაბამისი რეპუტაცია.

15 წლის თავზე ბრენდი კაფე-სანაყინეების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში (საქართველოს 5 ქალაქში 23 ფილიალით  და 1 ფილიალით აზერბაიჯანში - ბაქოში), 80-მდე დასახელების ნაყინით, მათ შორის: ვეგანური, დიაბეტური და ბიო ნაყინი, რომელიც პირველი პრეცედენტია კავკასიაში.“ - აცხადებენ ლუკა პოლარეში.