სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

ბაჩიაშვილის თქმით, ეს საქმე არის შეკერილი, რომელშიც არ არის "არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა".

მან ასევე ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ ოცნებამ გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე, გიორგი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაუცვალა.

კობახიძის თქმით, ეს "მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსიაა" და პოლოლიკაშვილის კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ მან "სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა".

"ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. მიზეზი იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს". - თქვა კობახიძემ.

თავის მხრივ, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.