საქართველოში მოქმედმა თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა - თიზ-ებმა 2025 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფოს მათში მოქმედი კომპანიების სია უნდა წარუდგინონ. ამას ითვალისწინებს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №184, რომლითაც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში.

საგადასახადო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია BDO-ს იურიდიული მიმოხილვის თანახმად, აღნიშნული ცვლილების შედეგად, №996 ბრძანებას დაემატა ახალი მუხლი 41³ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების შესახებ ინფორმაციის წარდგენა“, რის მიხედვითაც თიზ-ის ორგანიზატორი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამავე ზონის საწარმოს შესახებ (მაგალითად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დასახელება და მისამართი, თიზ-ის საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, თიზ-ის საწარმოდ რეგისტრაციის თარიღი და სხვა) მათ შორის, რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების შესახებ. ამავე ვალდებულების შესრულება შესაძლებელია თიზ-ის ადმინისტრატორმაც განახორციელოს, თიზ-ის ორგანიზატორის განცხადებისა და შემოსავლების სამსახურის თანხმობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თიზ-ის საწარმოს შესახებ უკვე წარდგენილია ინფორმაცია და შემდეგ მოხდა ცვლილება - არაუგვიანეს ცვლილების განხორციელების დღის მომდევნო სამუშაო დღისა. ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს ორგანიზატორის/ადმინისტრატორის დაჯარიმებას სსკ-ის 279-ე მუხლით დადგენილი სანქციით, პირველ ჯერზე 400 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1,000 ლარის ოდენობით.

ცვლილების შედეგად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2025 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული საწარმოების შესახებ, მათ შორის, რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების შესახებ, ზემოხსენებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ ორგანიზატორებს / ადმინისტრატორებს არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა.

ამჟამად საქართველოში შემდეგი თიზ-ები ოპერირებენ:

  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

თიზ-ებში მოქმედი კომპანიების საქმიანობა ძირითადად იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს, ლოგისტიკას, ფარმაციას და კრიპტოვალუტების წარმოებას უკავშირდება.

BM.ge