საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის ივლისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით არის შემცირებული.

წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ჯანმრთელობის დაცვა (9,6%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,0%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6,3%), განათლება (4,9%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (3,7%), დასვენება, გართობა და კულტურა (1,1%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,9%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6,2%).

სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-6,5%), ტრანსპორტი (-3,6%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-3,1%) და ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-1,0%).

რაც შეეხება 2025 წლის ივლისის მონაცემების შედარებას ივნისის მაჩვენებლებთან, სტატისტიკა ასე გამოიყურება:

თვიურ ჭრილში HICP-ი გაიზარდა შემდეგ კატეგორიაში: ტრანსპორტი (1,6%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (1,2%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0,4%),  ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (0,2%), განათლება (0,0%).

თვიურად HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-4,5%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-1,2%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (-0,5%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-0,3%), ჯანმრთელობის დაცვა (-0,1%), კავშირგაბმულობა (-0,1%).

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

წყარო: businessinsider.ge