„ლოპოტა სპა რეზორტის“ შემოსავალი თითქმის 40%-ით აღემატებოდა „ამბასადორი კაჭრეთს“ და „წინანდლის მამულს“. ინფორმაციას სასტუმროების 2021 წლის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ Finspot აქვეყნებს.
„ლოპოტა რეზორთის“ შემოსავალი 2021 წელს 25.2 მლნ ლარი იყო, „ამბასადორი კაჭრეთის“ 16.7 მლნ ლარი, ხოლო „წინანდლის მამულის“ 16.4 მლნ ლარი.
„წარმოდგენილ კომპანიებში არიან როგორც ადგილობრივი რეზორტის ტიპის ბრენდები (ლოპოტა, ამბასადორი), ასევე გლობალური ბრენდის „რედისონის“ ფრანჩაიზი (წინანდლის მამული).
ჩვენ მიერ განხილული სასტუმროები პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორის მოთამაშეები არიან. ამის მიუხედავად, 2021 წელს ბევრმა მათგანმა რეკორდულ შემოსავლიანობას მიაღწია. 2022 წლის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა არაერთი რეზორტისა თუ სასტუმროსთვის კიდევ უფრო შემოსავლიანი წელი იქნებოდა ტურიზმის მზარდი ტემპისა და მაღალი მიგრაციის ფონზე. პოზიტიური ტენდენციები გრძელდება 2023-იც.
განხილულ სასტუმროებში, მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება. ამ მხრივ „Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი“ გამონაკლისია, სადაც ოთახის გაყიდვიდან შემოსავლები (64%) მნიშვნელოვნად აღემატება საკვებისა და სასმელის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს (30%). Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-ის შემთხვევაში კი პირიქით: ოთახის გაყივიდან შემოსავლები (36%) ჩამოუვარდება სარესტორნო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს (55%)“, - აღნიშნავენ Finspot-ში.
როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, სასტუმროების უმეტესობამ პანდემიური პერიოდი გამოიყენა საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, რაც EBITDA მარჟებზე (EBITDA არის მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე) პოზიტიურად აისახა და პრე-პანდემიურ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. თუმცა, კონკურენტებს შორის EBITDA მარჟებში დიდი სხვაობაა, ამ მხრივ Lopota Lake Resort & Spa ლიდერობს 40%-იანი მარჟით.
„სასტუმრო კაპიტალურად ინტენსიური ბიზნესია, სადაც მთლიანი აქტივების მნიშვნელოვანი წილი მოდის ძირითად საშუალებებზე (შენობა-ნაგებობები, აღჭურვილობა, ინვენტარი და ა.შ.). გრძელვადიანი ვალდებულებების ძირითადი რესურსიც სწორედ ამ აქტივების შეძენას ან გაუმჯობესებას ხმარდება. შესაბამისად, სექტორის მონაწილეების შესაფასებლად მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპანიები არსებულ ძირითად საშუალებებს შემოსავლების გენერირებისთვის, ამისათვის შევხედოთ Fixed Asset Turnover (FAT)-ს ანუ შემოსავალი გაყოფილი ძირითად საშუალებებზე. ამ მხრივ Ambassadori Kachreti Golf Resort-ს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითად საშუალებებზე დახარჯული ₾1-დან, ₾1.15 ლარის შემოსავლის გენერირებას ახერხებს“, - აღნიშნავენ Finspot-ში.
Lopota Lake Resort & Spa-ს წილის 100%-იანი მფლობელი შპს „ლოპოტა დეველოპმენტია“, Ambassadori Kachreti Golf Resort-ს კი ეკა კოპალეიშვილი ფლობს. რაც შეეხება Tsinandali Estate-ს, სასტუმროს 66.57%-ს შპს „წინანდლის სავანე“ [საბოლოო მშობელი კომპანია „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“ - ფიზიკური პირის, გიორგი რამიშვილის მიერ კონტროლირებული საწარმო], 33.43%-ს კი სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობენ.