შპს „ლოპოტას“ (Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი), რომელიც პირველი და ყველაზე დიდი რეზორტის ტიპის სასტუმროა კახეთში, ფინანსური მაჩვენებლები finspot-მა შეაჯამა.

„ლოპოტამ“ 2021 წელს რეკორდული შემოსავალი, ₾25 მილიონი მიიღო, ზრდა 2019 წელთან შედარებით 17%, 2020 წელთან შედარებით 175%-ია. შემოსავლიდან ₾16 მილიონი (64%) სასტუმროს ნომრების გაყიდვაზე მოდის, ₾7 მილიონი (30%) საკვებსა და სასმელზე, დანარჩენი ₾1.6 მილიონი (6%) კი ძირითადად გასართობი და სარელაქსაციო აქტივობებიდან გენერირდება.

„კახეთში არსებული სხვა რეზორტის ტიპის სასტუმროებში შემოსავლების კიდევ უფრო დიდი პროცენტული წილი მოდის სარესტორნო მომსახურებზე. მაგალითად, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-ი საკვები და სასმელის გაყიდვიდან ₾9 მილიონს აგენერირებს, რაც მთლიანი შემოსავლის 55%-ს შეადგენს. იკვეთება, რომ ლოპოტას აქვს შესაძლებლობა მკვეთრად გაზარდოს შემოსავლები სარესტორნო მომსახურებებიდან, იმის გათვალისწინებით რომ ტერიტორიაზე 4 რესტორანი მდებარეობს. ამის განხორციელების ერთ-ერთი გზა შესაძლებელია იყოს საათობრივი შეზღუდვით მიღებული სტუმრების სტიმულირება, თუ ეს ნომრების გაყიდვას არ შეუშლის ხელს“, - განმარტავენ finspot-ში.

2021 წელს სასტუმროს ძირითადი მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა:

• ADR (ნომრის საშუალო დღიური ღირებულება): ₾328

• RevPAR (საშუალო ამონაგები თითო სარეალიზაციო ნომრიდან): ₾167

• Occupancy Rate (საშუალო წლიური დატვირთულობა): 51% (2022 წელს ADR მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნებოდა 2021 წელთან შედარებით. კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, ამჟამად საშუალო დღიური ღირებულება ₾510 ლარზე მეტია).

საოპერაციო ხარჯებმა 2021 წელს ₾19 მილიონი შეადგინა, რაც შემოსავლების 76%-ს წარმოადგენდა. საოპერაციო ხარჯების 23% ხელფასებზე მოდის. კომპანიას უარყოფითი -₾2.6 მილიონი Free Cash Flow აქვს, რაც გამოწვეულია მოცულობითი კაპიტალური დანახარჯებით. მიუხედავად იმისა, რომ ფულადმა ნაკადებმა საოპერაციო საქმიანობიდან ₾10 მილიონი შეადგინა, ლოპოტამ კაპიტალურ დანახარჯებში (CapEx) ₾13 მილიონი დახარჯა.

„წლების განმავლობაში აგრესიული ზრდის და ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე, კომპანიას დიდი სესხი აქვს ბალანსზე. მთლიანი სესხების მოცულობა კაპიტალს 3.4-ჯერ აღემატება. აღებული სესხის ბალანსმა 2021 წლის ბოლოს ₾63 მილიონი შეადგინა. სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს ჯგუფის დაკავშირებული საწარმოების წილები და ინდივიდუალური ბენეფიციარი მფლობელების წილები.

მთლიანი ვალდებულებები: ₾66 მილიონი. მთლიანი აქტივების ღირებულება: ₾85 მილიონი“, - ნათქვამია finspot-ის ანგარიშში.

ლოპოტას მიზნობრივი სეგმენტი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი საშუალო და მაღალ შემოსავლიანი მომხმარებელია. 2021 წელს სტუმრების 52% ქართველი იყო, 48% კი უცხოელი.

სასტუმრო 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროს წარმოადგენს ქვეყანაში. იქ განლაგებულია 232 სასტუმრო ნომერი, 6 ღია აუზი, 1 დახურული აუზი და სპა, კლუბი, 4 რესტორანი და ა.შ. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ლოპოტა დეველოპმენტი“.