ლარის გამყარების ფონზე საექსპორტო მიმართულებით რისკები არსებობს. მათ შორისაა ის, რომ ქართულ პროდუქციას ექსპორტზე გასვლა გაუჭირდება. ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვალუტის კურსის გამყარება საექსპორტოდ გამზადებული პროდუქციის ფასებზე უდიდეს გავლენას ახდენს, ვინაიდან პროდუქტი დოლარში გაძვირდება, რაც ხელს შეუშლის ქვეყნიდან პროდუქციის გატანას.

„შემცირება უკვე სახეზეა, მაგალითისთვის ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია და კიდევ უფრო ქვემოთ მოდის. შეიძლება ითქვას, რომ თუ ადგილობრივ ბაზარზე არ მოხდა პროდუქტების რეალიზაცია, მაშინ მისი რეალიზება გაჭირდება,“- განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ახლა სეზონი იწყება და შესაბამისად,  სხვა პროდუქტებიც შემოვა, მათ კი  კონკურენციის პირობებში საერთაშორისო ბაზარზე გასვლა გაუჭირდებათ.

როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ პროდუქტი ადგილობრივად აწარმოოს, იყოს თვითკმარიც და ექსპორტზეც გაიტანოს.

მისი თქმით, ხილისა და ბოსტნეულის ასოციაცია უახლოეს მომავალში უწყებებთან მოლაპარაკებებს გეგმავს, სადაც პრობლემურ საკითხებს გააჟღერებენ.