სახელმწიფომ ვანის მუნიციპალიტეტში 2 060 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით კომპანია „კურორტ საირმეს“ გადასცა. მთავრობის 20 იანვრის განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, კომპანიამ ყოველწლიურად საიჯარო ქირის სახით 1 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო „კურორტ საირმეს“ ვანში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების არის, შემდეგი ვალდებულებით გადასცემს: 8 წლის განმავლობაში კომპანიამ 750-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. ასევე, განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტერასები და ტრასები. ასევე, კომპანიამ მომდევნო 8 წლის განმავლობაში, უნდა დაასაქმოს მინიმუმ 100 ადამიანი არანაკლებ 2 წლის ვადით.

მთავრობამ კომპანიას ვანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 49 წლიანი იჯარით 1 368 ჰა მიწის ფართობი შარშანაც გადასცა. 2024 წლის განკარგულებაში საუბარია, 65 სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო ფართებზე და საძოვრებზე. დოკუმენტის მიხედვით კომპანიამ 8 წლის განმავლობაში 750-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტერასები და ტრასები.

განკარგულებაში გაწერილია გრაფიკი, რომლითაც „კურორტმა საირმემ“ ვალდებულებების შესასრულებლად ₾80 მლნ-ის ინვესტიცია უნდა ჩადოს და  მომდევნო 8 წლის განმავლობაში, არანაკლებ 2 წლის ვადით 100 ადამიანი უნდა დაასაქმოს.

კომპანია „კურორტი საირმე“, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სასტუმრო კომპლექსს „კურორტი საირმეს“ მართავს, ბიზნესმენ თემურ კოხოძეს ეკუთვნის, რომელიც ასევე „თეგეტა ჰოლდინგის“ 92%-იანი წილის მმართველია.