კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო. სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ (Yandex) მიერ წარდგენილ საჩივარს უკავშირდება.

GCCA-ის ინფორმაციით, საჩივარში საუბარია Wolt-ისა და Glovo-ს სავარაუდო ისეთ პრაქტიკაზე, რომელიც, მომჩივნის შეფასებით, შესაძლოა კონკურენციის წესებს ეწინააღმდეგებოდეს და ბაზარზე სხვა კომპანიების საქმიანობას ზღუდავდეს.

საჩივრის ავტორის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ შეთანხმებები, რომლებიც ამ ობიექტებს სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთანხმებები ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლას ართულებს და შესაძლოა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდეს.

სააგენტოს განმარტებით, მოკვლევის ფარგლებში უნდა დადგინდეს, დაირღვა თუ არა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„ონლაინ პლატფორმები მომხმარებლებს მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების შეკვეთისა და მიღების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს — საკუთარი პროდუქციისა და შეთავაზებების განთავსების საშუალებას“, - აღნიშნულია GCCA-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის GCCA ოთხ საკითხზე ახორციელებს მოკვლევას.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ 100%-იან წილს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანია Y.E Holding Limited ფლობს. კომპანიის დირექტორი კი სომხეთის მოქალაქე არამ მხითარიანია.