ავეჯის საწარმოს შპს „წუნდას“ წარმოების უფროსი, ირაკლი ნათენაძე აცხადებს, რომ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, გაყიდვების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მინიმუმ 60%-ით შემცირდა.

როგორც ირაკლი ნათენაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მიმდინარე მოვლენების შედეგად, მომხმარებელი შედარებით ბიუჯეტურ პროდუქციაზე გადავიდა. მისი ინფორმაციით, კომპანიის ძირითადი მომხმარებლები ქართველები (95%) არიან.

„სამწუხაროდ, გაყიდვებმა იკლო. ახალი წლების შემდეგ, პრაქტიკულად, გაჩერებული ვიყავით. ძირითადი მომხმარებლები ქართველები გვყავს, კერძოდ, 95% ქართველ მომხმარებელზე გავდივართ, მცირე ნაწილი კი, (5%) უცხოელები გვყავს. ავეჯს, მოთხოვნის შესაბამისად, ახლა კი, შედარებით იაფიანი მასალით ვამზადებთ“, - აღნიშნავს ირაკლი ნათენაძე.

„წუნდას“ წარმოების უფროსი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნადი კარის დამზადებაა.

„შემდეგ მოდის, სამზარეულო და საბავშვო საწოლი... ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სეგმენტია, სხვადასხვა კორპორატიული შეკვეთები, თუმცა შეკვეთების კლება აღნიშნული მიმართულებითაც იგრძნობა. საერთო ჯამში, დიდი კონკურენციაა ბაზარზე. კონკურენციას ძირითადად, ჩინეთიდან შემოტანილი პროდუქცია გვიწევს. ჩვენ ნედლეული ავსტრიიდან, თურქეთიდან, იტალიიდან შემოგვაქვს. ტექნოლოგია კი, იტალიური გვაქვს“, - აცხადებს ირაკლი ნათენაძე.

ირაკლი ნათენაძე  აღნიშნავს, რომ ამჟამად აქტიური სეზონი იწყება, შესაბამისად, მეწარმე გაყიდვების მატებასაც  ვარაუდობს.

„ერთი ნიუანსია - ჩვენი სეზონი ახლა იწყება, რემონტებს ძირითადად ამ პერიოდში ასრულებენ, შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე, მომხმარებლებს ავეჯის დამზადებაც უფრო მასიურად სურთ. ვფიქრობ, გაყიდვებიც მოიმატებს... არსებულ სიტუაციასთან შედარებით, მოთხოვნა, აუცილებლად გაიზრდება", - აღნიშნა ირაკლი ნათენაძემ.

ავეჯის კომპანია შპს „წუნდა“ ადგილობრივ ბაზარზე 30 წელია ოპერირებს. აღნიშნული ავეჯის საწარმო თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი