საქართველოში სასტუმრო ბიზნესი გამოწვევების წინაშეა. მიუხედავად ტურისტული ნაკადების ზრდისა, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის განცხადებით, სექტორის მოგებიანობა მკვეთრად შემცირებულია, ხოლო ინვესტიციის უკუგების პერიოდი მკვეთრად გაიზარდა.

შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, სასტუმროების ჭარბი მიწოდება, გაზრდილი ხარჯები და შემცირებული მარჟა აიძულებს ინვესტორებს, უარი თქვან ტურისტულ პროფილზე და შენობები უფრო სტაბილური შემოსავლის მქონე სექტორებს, მათ შორის საბანკო სფეროს, დაუთმონ.

"ბევრი სასტუმრო პროფილს იცვლის. ახლაც, თბილისში, კიდე ერთი სასტუმრო ბანკად გადაკეთდება... მეპატრონეების თვალში დიდი იმედგაცრუებაა. მოგება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ელოდნენ და თითქმის ყველა მფლობელი სხვა ბიზნესიდან ცდილობს კრედიტების დაფარვას... ინვესტორების ნაწილი, რომლებმაც სასტუმროების სფეროში ინვესტიცია სხვა სექტორებიდან (მაგალითად, მშენებლობიდან) მიღებული შემოსავლებით ჩადეს, ახლა იძულებულია, ამავე სხვა ბიზნესებით დააფინანსოს სასტუმროების საბანკო ვალდებულებები“, - განაცხადა სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა.

შალვა ალავერდაშვილს, ჯერჯერობით, არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, 2025 წლის განმავლობაში, თბილისში რამდენი სასტუმრო დაიკეტა და/ან პროფილი შეიცვალა.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში შალვა ალავერდაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც სასტუმროები პროფილს იცვლიან და შესაბამისად, სექტორი მიმზიდველობას კარგავს.

ჰოტელიერის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება 2016-2017 წლებისგან, როდესაც სტუმარმასპინძლობის სექტორი პიკში იყო. მისი თქმით, საოპერაციო მოგება (gross operating profit) ამ პერიოდთან შედარებით თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

„სასტუმროებს 65-70%-იანი კლება აქვთ 2016-17 წელთან შედარებით. 2016-2016 წლებში, სასტუმროების სექტორში დადებული შედეგებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი კრედიტი გაიცა, რადგან ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ბიზნესი ჩადებულ ინვესტიციას 8 წელიწადში ამოიღებდა“, - ამბობს ის.

რესპონდენტის თქმითვე, საქართველოს ტურიზმის ისტორია ორ ნაწილად იყოფა: „გავრილოვის ღამემდე“, როდესაც რიცხვები სტაბილურად იზრდებოდა და „გავრილოვის ღამის შემდგომ“, „რაც გახდა „წყალგამყოფი“ და რასაც მოჰყვა პანდემია“.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბოლო წლების, მათ შორის 2025 წელს, 8.4%-იანი ტურისტული ზრდა სექტორისთვის საკმარისი არაა, შალვა ალავერდაშვილის თქმით, სასტუმრო ოთახების რაოდენობის არაპროპორციული მატებაა, რაც ფასებზეც აისახა.

მისი თქმით, თუ 2017 წელს, საქართველოში, ოთხ-ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების დღიური საშუალო ფასი (ADR) 118 დოლარი იყო, 2025 წელს 60 დოლარს შეადგენდა.

„2016 წელს გვქონდა 8 000 ოთახი, ახლა გვაქვს 40 000 ოთახი. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობის 8%-იანი ზრდა ვერ აბალანსებს ოთახების რაოდენობის ზრდას“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი და იქვე დასძენს, რომ ასეთი დისბალანსი დარტყმას აყენებს სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას.

„თუ ადრე ინვესტორი თანხის ამოღებას 8 წელიწადში გეგმავდა, დღეს ეს რეალობა სრულიად შეცვლილია და უკუგების პერიოდი 25-30 წელზე ავიდა“, - დასძინა მან.

წყარო: bm.ge