ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე აცხადებს, რომ საქართველოში დაბალი ხარისხის ღვინოები არ უნდა იწარმოებოდეს. მისი შეფასებით, სახელმწიფოს რთველის სუბსიდირების პროგრამიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის, პირველ რიგში ქვეყანაში შექმნილი პროდუქტის ხარისხი უნდა გაეკონტროლებინა. ამის შესახებ მან BM.GE-ის რთველის სუბსიდირებაში შესული ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.
ცნობისთვის, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში.
რთველი 2025 სუბსიდიის მოცულობა 50 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, განსხვავებული იქნება ხარისხიანი და დაზიანებული ყურძნისთვის გასაცემი სუბსიდიის ფასიც.
Only Good Wine-ის დამფუძნებლის ვასილ მანაგაძის შეფასებით, სახელმწიფო კომპანიის მიერ დარჩენილი ჭარბი მოსავლის ჩაბარებით, რქაწითელზე მინიმალური ღირებულების 1.20 ლარამდე გაზრდითა და საფერავზე კი 1.50 ლარამდე შემცირებით, სახელმწიფო არც ფერმერებზე ფიქრობს და ამავე დროს დარგის მოთამაშედ იქცევა.
BM.GE-ის კითხვაზე - რთველის სუბსიდირების პროგრამიდან ეტაპობრივი გამოსვლის პირობებში როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს, ვასილ მანაგაძე წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლთან ერთად ვენახების ჩანაცვლების პოლიტიკაზე საუბრობს.
„სუბსიდირების პროგრამიდან ეტაპობრივი გამოსვლა რომ მოხდეს პირველ რიგში სახელმწიფოს ხარისხის გაკონტროლება ევალება, რა პროდუქცია იქმნება ქვეყანაში. ირანიდან რომ ბექმეზი შემოდის და ღვინოებს რომ ამზადებენ, მანდ არის ძაღლის თავი დამარხული. სახელმწიფო რომ ამას აკონტროლებდეს ამდენი ჭარბი ყურძენი არ იქნებოდა და საფერავი 1.50 ლარი არ იქნებოდა. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. თუ ქვეყანაში ყურძნის ასეთი ჭარბი წარმოებაა, ვენახების ჩანაცვლება უნდა მოხდეს, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ანუ ან მოხდეს რაოდენობების შემცირება, ან სხვა ჯიშების ჩანაცვლებით, თუმცა მაშინ სასპირტე ნედლეულის სიჭარბე არ იქნება, რაც სახელმწიფოს არ აწყობს.
სახელმწიფო ხდება მოთამაშე. მე თუ ქარხანა ვარ და 1.20 ლარად ვყიდულობ ყურძენს და ამისთვის კრედიტს ვიღებ, სახელმწიფო კომპანია ბიუჯეტიდან იღებს ამ თანხას. საბჭოთა კავშირის ფორმატში გადადიან და უფრო და უფრო შემოდიან ამ სექტორში. რა სახელმწიფოს საქმეა გაყიდვებში ჩართვა. მით უფრო მაშინ როდესაც 3 წელია მეოთხედ ფასში ყიდის.
ექსპორტი ისედაც კატასტროფულ მდგომარეობაშია, რუსეთზე დამოკიდებულება 65%-ია. ამიტომ 1 დოლარიანი ღვინოები ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იწარმოებოდეს, აქ პოლიტიკა სხვანაირი უნდა იყოს“, - განაცხადა ვასილ მანაგაძემ.