კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი, წნორში არსებული ბიო მეურნეობა „სამყურა“ ფართოვდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, სექტემბერში არსებულ ბიომეურნეობას  2 ან 3 სათბური დაემატება, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება  100 000 ლარია.

ნიკა ბაგალიშვილის ინფორმაციით, ჯანსაღი კვება საზოგადოებაში, უფრო და უფრო, პოპულარული ხდება. შესაბამისად, მისი პროდუქციის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა.

„სათბურების განვითარებას ვაპირებ. 2 სათბური უკვე გავაკეთე და 2, ან 3 სათბურს კიდევ დავამატებ. დასრულებულ სათბურებში ბოსტნეული უკვე მივიღე. ამჟამად, დაახლოებით 50-დან 60 სახეობამდე ბოსტნეული მაქვს. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჯანსაღ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, მინდა, რომ მიწოდების ხარისხიც გავზარდო.

მსგავსი მზარდი გაყიდვების მაჩვენებელს, საზოგადოების მხრიდან ჯანსაღ კვებაზე მოთხოვნას ვუკავშირებ. ასევე, ჩემი ბრენდის მიმართ, ცნობადობაც გაზრდილია, უკვე 7 წელია, ბიზნესი მაქვს და ეს ბევრს ნიშნავს. ამავდროულად, საქართველოში ძალიან ბევრი ფაქტი გაჟღერდა არაჯანსაღ პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ადამიანებს სურვილი, რომ ჯანსაღად იკვებონ კიდევ უფრო, გაუჩნდათ. ყველაზე ხშირად ჩემი ბიოპროდუქტის მიმართ დაინტერესებას მშობლები იჩენენ, იმ შემთხვევაში კი, თუ უფრო მეტი თანხის გადახდა დასჭირდებათ. მოკლედ, დამკვეთების უმრავლესობას (90%)-ს პროდუქცია ბავშვებისთვის უნდათ“, - აცხადებს ბიო მეურნეობა „სამყურა“ დამფუძნებელი.

მისივე განმარტებით,  მომხმარებლების უმეტესი ნაწილი (98%) ადგილობრივია, ხოლო დანარჩენი წილი (2%) უცხოელებზე მოდის.

„შეკვეთებს ადგილზე ვიღებ, ამ ეტაპზე, ონლაინ გაყიდვების მიმართულება განვითარებული არ მაქვს. ყოველ შაბათ დღეს, დილის საათებში, თბილისში ჩემს სივრცეში, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს ჩამოვდივარ და პოტენციურ მომხმარებლებს ჯანსაღი პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობას ვაძლევ.

უცხოელების მიმართულებას, რაც შეეხება - მათ ძირითადად განსხვავებული პროდუქცია აინტერესებთ, მაგალითად, როგორიცაა ბამი (ბამი იმავე, ოკრა მცენარე ბალბისებრთა ოჯახიდან), მანგოლდი (შვეიცარიული ჭარხალი).

კონკურენტების მიმართულებით, მინდა ვთქვა, რომ - ბევრი გვყავს... როგორც იცით, ბიო მეურნეები კიდევაც იყვნენ ბაზარზე, ახალი სახეებიც გამოჩნდა, თუმცა ჩემი კომპანია გარემოს დაცვის მიმართულებითაც მუშაობს, ზოგადად, მინდა, რომ სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო განვითარდეს და ამაში ჩემი წვლილი შევიტანო“, - განაცხადა ნიკა ბაგალიშვილმა.

ბიო მეურნეობა „სამყურა“-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, აგროტურიზმის მიმართულებით წელს არაფერს არ გეგმავს.

ცნობისთვის, ბიო წარმოება "სამყურა“ კახეთში, სოფელ წნორში მდებარეობს და ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს 2018 წლიდან აწარმოებს.

bp.ge