აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. „შათდაუნის“ შემდეგ.

მანამდე, კანონპროექტი მიიღო აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 222 ხმით 209-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მას მხარი ექვსმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმაც დაუჭრა.

დონალდ ტრამპმა ე.წ. „შათდაუნში“ „დემოკრატები“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის დახურვა „მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო“ მოხდა.

პრეზიდენტმა ამერიკელებს მოწოდა, ახსოვდეთ ეს მომენტი, როდესაც კონგრესის წევრები ხელახლა იყრიან კენჭს 2026 წლის ნოემბერში, შუალედურ არჩევნებში.

„უბრალოდ მინდა ვუთხრა ამერიკელ ხალხს, რომ შუალედური არჩევნების დროს ეს არ უნდა დაივიწყონ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, „დემოკრატები“ „ბედნიერები იყვნენ მილიონობით ამერიკელის ტანჯვით“.

აშშ-ში ე.წ. „შათდაუნი“ 43 დღის წინ დაიწყო. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

www.interpressnews.ge