შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარე სასტუმროს Nika Hotel and Club  ხელმძღვანელის ლარისა გავრილიუკის განცხადებით, სასტუმროში ჯავშნების 80% გაუქმდა და ახალი ჯავშნები აღარ შემოდის.

როგორც მან ''ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ასეთი რთული პერიოდი სასტუმროს დაარსების დღიდან დღემდე არ ჰქონია.

"ბათუმი და ზოგადად, აჭარის რეგიონი ორიენტირებული იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე და შესაბამისად, ფრენების გაუქმებამ ყველა სასტუმრო დააზარალა. ძირითადად გვსტუმრობდნენ ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, დუბაიდან და კატარიდან. ძირითადად ეს ოთხი ქვეყანა იყო, თუმცა უფრო მეტი ისრაელიდან. 

სხვა ბაზრებზე მუშაობა დავიწყეთ და რეკლამაც გავაკეთეთ, თუმცა ეს ქვეყნები ჩვენთან სტუმრობას ძირითადად, ზაფხულის პერიოდში არჩევენ. შესაბამისად, ამჟამად დამსვენებლები თითქმის არ გვყავს. აღსანიშნავია, რომ ფასებიც შევამცირეთ და მარკეტინგული კამპანიაც ვაწარმოებთ, თუმცა შედეგი ამას არ მოუტანია. ასეთი რთული სიტუაცია არ გვქონია. ამ ყველაფერს მოყვება ის, რომ პერსონალი აღარ დაგვჭირდება, ხელფასებსაც ვერ გადავიხდით და ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უფრო გლობალური პრობლემაა. ზარალზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა რა იქნება მომავალში არ ვიცით", - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.

წყარო: ბიზნესპარტნიორი