„ჯანინიანი“ ქართულ ბაზარზე გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა და 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთა ფასი 56 ლარია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი კახა შენგელია ამბობს, სამომავლოდ საექსპორტო ბაზრის გაფართოებას და ღვინის ჩინეთში გაყიდვას გეგმავენ.

კახა შენგელია იხსენებს, რომ „ჯანიანის“ შექმნის იდეა 2 წლის წინ, კახეთში „შატო მერეში“ გია პირადაშვილთან სტუმრობისას გაჩნდა. შემდეგ იტალიაში გაემგზავრნენ, ნახეს ქარხანა, რომელიც ღვინისთვის ლამაზ ბოთლებს გაუკეთებდათ და იდეას ხორცი მალევე შეასხეს.

„ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე კახეთში, ჩემს მეგობართან გია პირადაშვილთან. თვითონ ასხამს ღვინოს და ერთ-ერთი ჩასვლის დროს, 2 წლის წინ, გამიჩნდა იდეა ღვინის წარმოებაზე და ვუთხარი - ხომ არ გაგვეკეთებინა ჩვენი რამე თქო და სიამოვნებითო, - მითხრა. დავიწყეთ ფიქრი ამაზე. წავედით იტალიაში, ვნახეთ ქარხანა, რომელიც გაგვიკეთებდა ასეთ ლამაზ ბოთლებს. სხვა ყველაფრის დიზაინი თვითონ გააკეთა. „შატო მერეში“ აქვს ძალიან კარგი ქარხანა და გასული წლის სექტემბერში ჩამოვასხით 4 სახეობის ღვინო: „ექსპერიმენტული საფერავი და შავი პინო“, „მუკუზანი“, „გორული მწვანე“ და „ქისი და SAUVIGNON BLANC“,- ამბობს კახა შენგელია.

„ჯანიანის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათ ღვინოზე ძალიან დიდი მოთხოვნაა უცხოეთში. გაყიდვების ძირითადი წილი - 80%-ზე მოდის, მცირე ნაწილს ყიდიან საქართველოში.

„საქართველოში სადღაც 20% იყიდება. ძირითადად „გუდვილში“ და „8000 მოსავალში“ შედის ჩვენი ღვინო. ბევრიც არ გვაქვს, 30 000 ბოთლი ჩამოვასხით მხოლოდ. 80% ექსპორტზე გადის. „ჯანიანის“ ღვინოს ვყიდით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, კანადაში და ამერიკაშიც“, - ამბობს კახა შენგელია.

მისი თქმით, მოთხოვნა დიდია და მომავალი წლიდან შესაძლოა წარმოება გაზარდონ და საექსპორტო ბაზრის გაფართოებასაც გეგმავენ.

„მომავალი წლიდან შესაძლოა წარმოება გაზარდოთ, მაგრამ თან არ გვინდა ხარისხი დავაგდოთ. იმედი მაქვს, რომ მაინც მოვახერხებთ გაზრდას. რაც შეეხება გეგმებს, საექსპორტო ბაზრის გაფართოებას ვგეგმავთ, დიდი ალბათობით ჩინეთშიც წავიღებთ ჩვენს ღვინოს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება იქაც“, - ამბობს კახა შენგელია.

ფოტო: Entrepreneur Georgia