Janelidze Collection-ი, ბრენდი, რომელი ხელნაკეთ ჩანთებს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს ქმნის, 6 წლის დიზაინერმა ნატალია ჯანელიძემ დააარსა. ხელნაკეთი ტყავის ჩანთებით დაწყებული საქმიანობა ამ ხნის განმავლობაში ბრენდად და ბიზნესად იქცა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Janelidze Collection-ის ბრენდის დიზაინერი ამბობს, ჩანთებს ჯერ აქსესუარები, მოგვიანებით კი ფეხსაცმელები დაემატა და სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმა აქვთ.

Janelidze collection საშუალოზე მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, ბრენდის პროდუქციაზე ფასები 200-ლარიდან იწყება და 1300 ლარს სცდება. „კომერსანტი“ ნატალია ჯანელიძეს ბრენდის განვითარების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდის შეიქმნა Janelidze Collection და როგორ ვითარდებოდა ბრენდი?

ნატალია ჯანელიძე, Janelidze Collection ბრენდის დიზაინერი: ბრენდი შეიქმნა 2017 წელს ივნისში, თავიდან 2-3 ჩანთის დამზადებით დაიწყო, შემდეგ კი მათი რაოდენობა გაიზარდა და დავიწყეთ ბრენდის განვითარება სხვადასხვა კუთხით. ბავშვობიდან მიზიდავდა მოდის სფერო, სულ მინდოდა შემექმნა რაღაც ისეთი, რაც მიიპყრობდა ხალხის ყურადღებას და თავს აგრძნობინებდა გამორჩეულად, სწორედ ამიტომ ავიხდინე ოცნება და შევქმენი თავდაპირველად ჩანთები, რომლებიც გამოირჩევა ფერთა შეხამებით, ხის დეტალებით და თავისი უნიკალური ფორმებით. შემდეგ კოლექციას თანდათან დაემატა აქსესუარები - საფულეები, ქამრები, სათვალის ჩასადებები, მოგვიანებით კი ჩანთებთან და აქსესუარებთან ერთად კოლექციას ფეხსაცმელებიც შეემატა. გვყავს რამდენიმე ხელოსანი, ბრენდის წარმომადგენელი და სოციალური მედიის მენეჯერი.

რა მასალას იყენებთ და საიდან შემოგაქვთ?

რაც შეეხება მასალებს, იტალიიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს. ვმუშაობთ ნატურალური ტყავით, ხითა და უმაღლესი ხარისხის ფურნიტურით. ჩვენი შექმნილი ყოველი ჩანთა, აქსესუარი თუ ფეხსაცმელი ხელნაკეთია, არ გვაქვს მასს-წარმოება.

რა სეგმენტზეა გათვლილია Janelidze Collection-ი, რა ღირს თქვენი პროდუქცია?

ფასები 200-ლარიდან იწყება. ჩვენი შექმნილი მოდელები გათვლილია ყველა იმ ადამიანზე რომელსაც უნდა, რომ თავი გამორჩეულად იგრძნოს, გვაქვს კლასიკური, გამოსასვლელი, სპორტული მოდელები, ამიტომაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია მოირგოს ჩვენი კოლექცია.

გაქვთ მაღაზია, თუ მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე ხართ?

ჩვენი მაღაზია მდებარეობს თბილისში, ფალიაშვილის 47 ნომერში, ქართველი დიზაინერების შოურუმში, ჩვენი პროდუქცია ასევე წარმოდგენილია თბილისისა და ბათუმის რამდენიმე შოურუმშია. გვაქვს ჩვენი ვებ-გვერდიც, ონლაინაც ვყიდით. უცხოეთიდანაც ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომლებიც აქტიურად იძენენ ჩვენს პროდუქციას ონლაინ ვებ-გვერდიდან.

ცოტა ხნის წინ თქვენი ბრენდი მილანში ტყავის პროდუქციის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. როგორ აღმოჩნდით ამ გამოფენაზე?

რაც შეეხება MIPEL-ის გამოფენას, რომელიც მილანში ტარდებოდა, ერთ-ერთ ქართულ ბრენდთან GUROSI-სთან გვქონდა კოლაბორაცია. ეს ბრენდიც ამზადებს ჩანთებს ხელნაკეთ, გამოფენაზე წარდგენილი იყო ჩვენი თანამშრომლობით განსხვავებული და ორიგინალური ნივთები, რომლებიც 45 000-ზე მეტმა სტუმარმა დაათვალიერა.

ახლა რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ბრენდის ცნობადობის გაზრდაა. გვინდა, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობდნენ ქართველ დიზაინერებს და საქართველოს. გეგმებს რაც შეეხება, სამომავლოდ ვაპირებთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ახალი კოლექციების შექმნას და ექსპორტზე გასვლასაც.