პარფიუმერიის ბიზნესის 3 მსხვილი საცალო ქსელის: შპს „პრესტიჟის“ (ICI PARIS • ისი-პარი), შპს „ივერია ფრანსის“ (Lutecia • ლუტეცია) და შპს „სტაილის“ (Voulez-Vous • ვულე-ვუ) ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა მიმოიხილა.
კომპანიები ახდენენ პარფიუმერიული და კოსმეტიკური ნაწარმის იმპორტს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებისგან და შემდგომ მის რეალიზაციას საკუთარი სავაჭრო ქსელების მეშვეობით. კომპანიები ასევე ეწევიან საბითუმო რეალიზაციასაც, როგორც უშუალოდ კონკურენტებთან, ასევე სააფთიაქო ქსელებთან და სხვა საცალო სავაჭრო ობიექტებთან.
„ისი-პარი“ საქართველოში პარფიუმერიული და კოსმეტიკური ნაწარმის ვაჭრობის სფეროში არსებული ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია, რომელიც როგორც ბრუნვით, ასევე მომგებიანობის მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად აღემატება კონკურენტებს.
პანდემიის პირველ წელს (2020) სამივე კომპანიის ბრუნვა შემცირდა, თუმცა „ისი-პარი“-მ და „ლუტეცია“-მ 2021 წელს საკმაოდ დიდი ზრდა დააფიქსირეს, შესაბამისად 2019 წლის მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გაასწრეს. „ვულე ვუ“ ამ მხრივ გამონაკლისი იყო და 2021 წელს შემოსავლები 6%-ით კვლავ შეუმცირდა, ამიტომ ბაზრის წილიც მნიშვნელოვნად დაკარგა“, - ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.
2021 წელს „ისი-პარის“ შემოსავლებმა ₾42 მილიონი შეადგინა, რაც 24%-ით და 235%-ით აღემატება „ლუტეცია“-ს და „ვულე ვუ“-ს შემოსავლებს. „ისი-პარის“ ასევე დიდი უპირატესობა აქვს გეოგრაფიული დაფარვით, ის ფილიალების რაოდენობით თითქმის ორჯერ აღემატება კონკურენტებს.
კომპანიების შემოსავლების ძირითად წყაროს სუნამოების გაყიდვა წარმოადგენს. პარფიუმერიის წილი შემოსავლებში ასეთია: „ისი-პარი“ - 73%; „ლუტეცია“ - 63%; „ვულე ვუ“ - 77%. შემოსავლების დანარჩენი წილი მოდის კოსმეტიკურ ნაწარმსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
კონკურენტებს შორის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი „ლუტეცია“-ს აქვს. პანდემიის მიუხედავად, 2018-2021 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) 19%-ით იზრდებოდა, მაშინ როდესაც „ისი-პარის“ ზრდის ტემპი 14% იყო, ხოლო „ვულე ვუსი“ მხოლოდ 3%.
პარფიუმერიის სექტორში საერთო მოგების მარჟები 38%-47%-ის ფარგლებში მერყეობს. ისი-პარი-ს ყველაზე მაღალი, 47%-იანი მარჟა უჭირავს, რომელიც 2022 წელს კიდევ უფრო გაზარდა და 53%-იან მარჟაზე ავიდა. „ლუტეცია“-ს კი ყველაზე დაბალი საერთო მოგების მარჟა აქვს.
„მაღალი საერთო მარჟისა და ოპტიმალური საოპერაციო ხარჯების დამსახურებით, „ისი-პარი“ ყველაზე მომგებიანი კომპანიაა კონკურენტებს შორის. „ვულე ვუ“ კი ერთადერთია რომელიც მომგებიანი არაა, მისი ზარალიანობის ძირითადი მიზეზი მაღალი საოპერაციო ხარჯებია, რომლის წილიც შემოსავლებში 41%-ია, მაშინ როდესაც კონკურენტების მაჩვენებლები 28%-30%-ის ფარგლებშია. „ვულე ვუს“ საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი წილი ხელფასებზე მოდის.
საბრუნავი კაპიტალის მართვის კუთხით, ყველაზე ეფექტური „ლუტეციაა“, ყველაზე არაეფექტური კი - „ვულე ვუ“. „ვულე ვუ“ პროდუქციის ამოყიდვას 224 დღეს ანდომებს, მომწოდებლებს კი თანხას უხდის 81 დღეში (3 თვეზე ნაკლებში). შედარებისთვის, „ლუტეცია“ მარაგებს ყიდის საშუალოდ 177 დღეში (6 თვეში), თუმცა მომწოდებლებს ფულს უხდის საშუალოდ 150 დღეში (5 თვეში)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
შპს „პრესტიჟის“ მფლობელები: ნინო ალიბეგაშვილი - 25%; პაატა გიგაური - 25%; გიორგი მედულაშვილი - 25% და დავით მედულაშვილი - 25% არიან.
შპს „ივერია ფრანსის“ მფლობელებია: ლერი ფხაკაძე - 60% და გელა ქობესაშვილი - 40%.
შპს „სტაილის“ მფლობელებია: გიორგი კეკელიძე - 66.7% და თეიმურაზ ინაშვილი - 33.3%.