„მე პირადად მაქსიმალისტი ვარ და ის სერვისი, რა სერვისიც საქართველოში სარესტორნო სფეროში გვაქვს არ არის მაღალი დონის“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „პროფესიონალები“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა, მისი თქმით როდესაც სფეროში პერსპექტივა არ ჩანს, მომსახურების ხარისხი ყოველთვის დაბალია.
„კოვიდი რომ არ ყოფილიყო ჩვენ მაღალი სტანდარტისკენ მივდიოდით, თუმცა პანდემიამ რელსებიდან მთლიანად ამოგვაგდო. 2019 წელს სექტორში გარკვეულწილად მყარდებოდა ის სიტუაცია, სადაც დასაქმებული მუდმივ რეჟიმში ჩნდებოდა და ქვეყანაში დაახლოებით 10 000-მდე ობიექტი და 150 000-მდე დასაქმებული იყო, პანდემიის შემდეგ ქვეყანაში 4000-მდე ობიექტი და 70 000-მდე დასაქმებული დარჩა.
მომავალ წლებში უკეთესის მოლოდინი მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სფეროში დარჩებიან ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა სურთ, ამას ემატება მოთხოვნა ტურისტების მხრიდანაც. რაც უფრო მეტი ევროპელი ტურისტი გვეყოლება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად მოხდება ამ ტურისტების მოთხოვნის დაკმაყოფილება და სერვისის განვითარება. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და შემოსავლის დიდ ნაწილს სწორედ ტურიზმიდან იღებს, ამიტომ როგორც კერძო სექტორმა, ასევე სახელმწიფომ, ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, პანდემიამ ჩამოშალა ის, რაც 30 წლის განმავლობაში შენდებოდა, ძალიან ბევრი გავიდა ქვეყნიდან, ძალიან ბევრი სხვა ქვეყანაში გადავიდა და ამ ყველაფრის გამოსწორებას წლები სჭირდება.
„მე პანდემიამდეც ვამბობდი, რომ პოლიტიკა რომელიც დღეს ქვეყანაშია, გამოიწვევს იმას, რომ მილიონობით ჩამოსული ტურისტის დამხვედრი აღარ დარჩებოდა საქართველოში. თუმცა მაინც მოვახერხეთ ის, რომ სფერო გადარჩა, ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და ფონს გავედით, მაგრამ ჭრილობები დიდია,“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.