კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელი, პაატა ტრაპაიძე ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო პირობებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების ინიციატივას დადებითად აფასებს.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან", აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილება ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

"უნდა გავერკვიოთ გვჭირდება ქართული წესიერი კომპანიები, თუ მარტო უცხოურ კომპანიებზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული. თუ ქართულ კომპანიებს არ მივეცით სამუშაო და უფრო მეტი გასაქანი ძლიერი კომპანიები ვერ განვითარდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან ეს წაახალისებს ქართული კომპანიების განვითარებას.

მაგალითად, ავტობანი ქართულმა კომპანიებმა დავიწყეთ, მაგრამ ვერ გავაგრძელეთ იმის გამო, რომ უცხოური კომპანიები შემოვიდნენ. მაგალითად, თბილისის შემოვლით გზაზე 4 კომპანია იყო გაერთიანებული, მათ დადეს ფასი, მაგრამ არ ვიცით როგორ გადაწყდება მეორე ლოტი, რადგან ჩინურმა კომპანიებმა გაცილებით ნაკლები ფასი დააფიქსირეს. უნდა აღინიშნოს, რომ თუ შეკვეთა იქნება ტექნიკურად ყველა ადგილობრივი კომპანიები გაძლიერდება”, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

ცნობისთვის, ქართულ კომპანიებს ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების სატენდერო პირობებში გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ. ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა უახლოეს პერიოდში მიიღებს.

როგორც რევაზ სოხაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა, კიდევ ერთი ინიციატივა იმ კომპანიების წახალისებას ეხება, რომლებიც პროექტებს დათქმულ ვადაში შეასრულებენ.

bp.ge