ქართულ ჩაის აქვს პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა, პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ვაწარმოოთ და 2-3 წელიწადში ადგილობრივი ბაზრის ნახევარი დავიკავოთ, მაგრამ საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადაგმა, - აცხადებს მეჩაიეთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე

რადიო „კომერსანტის“ ეთერში თენგიზ სვანიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეხვედრების და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, უწყებასთან შეთანხმების შესაბამისად, მეჩაიეებმა „ქართული ჩაის განვითარების სტრატეგია და კონცეფცია“მოამზადეს. ასევე, მოხდება ჩაის ტექნიკური რეგლამენტის დამუშავება, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რის შემდეგაც პარლამენტი დოკუმენტს დაამტკიცებს. ამის შემდეგ დაიგეგმება მარკეტინგული ღონისძიებები, გამოფენები დადაახლოებით იგივე ნაბიჯები გადაიდგმება, რასაცსახელმწიფო ღვინის დარგისთვის აკეთებს.

სამწუხაროდ, ექსპორტზე მცირე რაოდენობის ჩაი გადის. ჩაის გადამუშავება და წარმოება შეზღუდულად ხდება, არავის უნდა საწყობისთვის აწარმოოს და უხეშად რომ ვთქვათ, „პორცია-პორცია“ უშვებენ, რამდენსაც ყიდიან, იმდენს. მთავარი კი ის არის, რომ პოტენციალი არსებობს და შეგვიძლია, 2-3 წელიწადში ადგილობრივი ბაზრის ნახევარი ავითვისოთ“, - აცხადებს თენგიზ სვანიძე.

თენგიზ სვანიძის თქმით, ბოლო პერიოდში მცირე, მაგრამ ზრდის დინამიკა შეინიშნება.

პრობლემები კომპლექსურია - ჩაის თვითღირებულება, დიზაინი, შეფუთვა, მარკეტინგი, ლოგისტიკა და ასე შემდეგ. პრობლემებს ემატება იმპორტირებული ჩაის ფასები. თავიანთ ქვეყანაში სუბსიდირებული ჩაი უმეტეს შემთხვევაში დემპინგური ფასებით შემოდის. ჩვენი ჩაის თვითღირებულება ცოტა მეტია, ვიდრე იმპორტირებული ჩაი და თვითღირებულებითაც თუ ვერ გაყიდე, აზრი აღარ აქვს წარმოებას. არადა,ქართული ჩაი თავისი ხარისხით, თამამად შემიძლია ვთქვა, არა თუ ჩამორჩება, რამდენიმე ერთეულით წინ არის ყველა იმპორტირებულ ჩაისთან მიმართებაში.

არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ითვალისწინებს და დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდა კიდეც. თუ ჩაის მარკეტინგი არ გაიზარდა და იმ დონეზე დარჩა წარმოება, რა დონეზეც ახლა არის, უკვე რეაბილიტირებული პლანტაციების ექსპლუატაციაც აღარ მოხდება და ისე გაველურებისკენ წავა, სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხა კი წყალში ჩაიყრება“, - აღნიშნავს თენგიზ სვანიძე.