ქართული ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული თურქული და ჩინური ტომატით და კიტრის მარინადებით - ამის შესახებ მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმომადგენელმა, გიორგი მუსერიძემ პარლამენტის ფასების შემსწავლელ კომისიაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროდუქტის ფასწარმოქმნაზე, რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს რომელთა შორისაა სხვადასხვა პროდუქტის იმპორტდამოკიდებულება, მელიორაცია, შრომითი დანახარჯები, ბაზრის სიმცირე, კონკურენცია, გაზრდილი სადისტრიბუციო ხარჯები და სხვა.
„ჩვენს შემთხვევაში პროცესები ბევრად კომპლექსურია, რადგან წარმოების სასურსათო ჯაჭვი იწყება მინდვრიდან. რადგან ქვეყანაში ფერმერული მეურნეობები განვითარებული არ არის, ჩვენ ვერ ვახერხებთ ნედლეულის და მასალების შესყიდვას, რომ საბოლოო პროდუქტი ვაწარმოოთ. სოფლის მეურნეობაში ერთწლიანი ნარგავების კუთხით დამოკიდებულები ვართ სასუქების იმპორტზე, მათ შორის თესლის იმპორტი სრულად ამერიკიდან და ჰოლანდიიდან ხდება.
ასევე, სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანის ნაწილში მნიშვნელოვანი კომპონენტია შრომითი დანახარჯები და საწვავის ხარჯი, შემდეგ წარმოების ეტაპზე გადასვლისას ასევე ვართ დამოკიდებული იმპორტზე - შუშის ქილის ქვეყანაში შესყიდვას ვერ ვახერხებთ, შემოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, რაც საბოლოოდ ფასზე მოქმედებს.
რადგან კიტრი-პომიდვრის და სხვა პროდუქტების წყლით დამუშავება გვიწევს, ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი კომპონენტია. უშუალოდ სოფლის მეურნეობის ნაწილში მნიშვნელოვანი მელიორაცია - გვაქვს პრობლემები, რომ ფიზიკურად შეიძლება ვერ გავასარწყაოთ მინდვრები და ძალიან დიდი ზარალი მიგვიღია და ერთდღიანმა წყვეტამ შეიძლება მცენარის განვითარებაზე მოახდინოს გავლენა. ჩვენი დარგი ხასიათდება სამუშაო კაპიტალის დიდი მოცულობის საჭიროებით - შემოდგომაზე პომიდვრის თესვის დაწყებისას ფულის ხარჯვას ვიწყებთ, შემდეგ რადგან იმპორტზე ვართ დამოკიდებული, გაზაფხულზე სრულად დაფინანსებული გვაქვს ტარა-მასალები, რაც ჩვენი პროდუქტის თვითღირებულებაში 30-35%-ს შეადგენს, შემდეგ ზაფხულზე მოსავალი რომ მოვა, ამას ერთი წლის განმავლობაში ვყიდით და ფულს როდის მივიღებთ. ყველა ეს კომპონენტი მოქმედებს ფასზე.
თურქეთსა და ჩინეთში წარმოების მასშტაბები დიდია, ქართული ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული თურქული ტომატით, კიტრის მარინადებით და ჩინური ტომატით. პროდუქტი მხოლოდ ფასი არ არის და ჩვენ ჩვენი ხარისხით და მომხმარებლის ლოიალობით ბაზრის გარკვეული მოცულობა გვიკავია, მაგრამ იმდენი არა, რომ ჩვენ ბაზარზე ფასზე გავლენა მოვახდინოთ. ასევე, თურქეთს აქვს ექსპორტის დაფინანსება და პირობითად 1 კგ ტომატის მიღებას 5-6 კგ პომიდორი სჭირდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაგვიძვირდა დისტრიბუციის ნაწილიც. თუ მანამდე გვიჯდებოდა 1 კგ-ის მიტანა 20 თეთრი, ახლა 22-23 თეთრი გვიჯდება, რადგან ჩვენი სამუშაო რეჟიმიც გართულდა“, - განმარტა გიორგი მუსერიძემ.