სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი იმედოვნებს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გააქტიურებულ მარკეტინგულ კამპანიებს დარგზე დადებითი გავლენა ექნება.

როგორც BMG-სთან „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი, პაატა კოკაია აცხადებს, ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე, საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებენ აზიური ქვეყნების ვიზიტორებიც, რაც რეგიონში გაზრდილ რისკებს უკავშირდება.

შესაბამისად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, აზიელ და ევროპელ ტურისტებთან მივიდეს გზავნილი, რომ საქართველო მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყანაა.

“გუდაურში კატასტროფული[დატვირთულობა] მარტიც და აპრილიც, რა თქმა უნდა, კატასტროფულია. თუმცაღა მაისის ჯავშნები ჯერ არ გაუქმებულა და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ სხვადასხვა ქვეყნების, ევროპის, აზიის დარწმუნებას, რომ ჩვენთან მშვიდობაა. რა თქმა უნდა, მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული და დამოკიდებული არის საავიაციო საწვავზე. თუმცა ახლა ყველა მიმართულებითაა [მარკეტინგული აქტივობები] ეს მედიაფორუმები, ეს არ არის ცოტა, საფრანგეთში, ინგლისში და ჩინეთში. გაჟღერებულია, რომ ჩვენთან მშვიდობაა, ჩვენთან კარგია მოგზაურობა და უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ [საავიაციო] საწვავის [ფასმაც] უნდა შეგვიწყოს ხელი.

თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჩინეთიც ძალიან სიფრთხილით ეკიდება ჯერჯერობით და ეს ჯავშნები, რომელიც უნდა ყოფილიყო აპრილში, გადაიტანეს მაისში ან ივნისში. სამხრეთ კორეის შემთხვევაშიც იგივე ვითარებაა. მაინც ფრთხილად ეკიდებიან, იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე ასეულ კილომეტრშია ჩვენთან ეს უზარმაზარი ომი”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

bm.ge