Tesla-ს დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კომპანიის გენერალური დირექტორის, ილონ მასკის, ახალი საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც 23.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. The Wall Street Journal-ის (WSJ) ცნობით,  პაკეტში შედის მილიარდერის უფლება გამოისყიდოს Tesla-ს 96 მილიონი აქცია თითოეულზე 23.34 დოლარად.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე თვის წინ დელავერის შტატის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც გააუქმა 2018 წელს ილონ მასკისთვის დამტკიცებული 56 მილიარდი დოლარის სახელფასო პრემია. სასამართლომ მაშინ არ დააკმაყოფილა Tesla-ს დირექტორის საჩივარი და მიიჩნია, რომ ილონ მასკს კომპანიისგან მიღებული 56 მილიარდი დოლარის სახელფასო პრემია უკან უნდა დაებრუნებინა, რადგან ის ამ მოცულობის თანხას არ იმსახურებდა.

სასამართლოს განმარტებით, 2018 წელს კომპანიის მენეჯმენტმა ილონ მასკს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი პრემია გადასცა, რაც წინააღმდეგობაში იყო Tesla-ს ინვესტორების ინტერესებთან და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა - მასკის გამდიდრებას. სასამართლომ დასკვნაში აღნიშნა, რომ 2018 წელს კომპანია ზარალზე გადიოდა, მის დირექტორს კი რეკორდული მოცულობის პრემია ერიცხებოდა, რაც აზრს მოკლებული ქმედება იყო. სასამართლო მასკისგან სწორედ ამ 56 მილიარდი დოლარის უკან დაბრუნება მოითხოვა, როგორც ნაღდი ფულის, ასევე აქციების დათმობის სახით. სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ბიზნესმენი სააპელაციო წესით.

დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ახალი საკომპენსაციო პაკეტი განიხილება როგორც დროებითი ზომა იმ შემთხვევისთვის, თუ შტატის უზენაესი სასამართლო აპელაციას არ დააკმაყოფილებს.

ილონ მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის გააგრძელოს Tesla-ს ხელმძღვანელობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეინარჩუნებს კონტროლს კომპანიაზე. - „საუბარი ფულზე არ არის, არამედ სტრატეგიული კონტროლის შენარჩუნებაზე. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები ჰუმანოიდი რობოტების წარმოებასთან დაკავშირებით. ვერ დავუშვებ სიტუაციას, სადაც რომელიმე აქტივისტს პოლიტიკური მოტივებით შეეძლება ჩამომაშოროს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენას. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია Tesla-ს მომავლისთვის,“ — განაცხადა ბიზნესმენმა.

დელავერის სასამართლომ ორჯერ გააუქმა მასკისთვის განსაზღვრული ანაზღაურება. მათ შორის მას შემდეგაც, რაც ის 2024 წელს აქციონერებმა ხელახლა დაამტკიცეს. ეს ქმნის სირთულეებს Tesla-ს დირექტორთა საბჭოსთვის, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს მასკის დაინტერესება კომპანიით, განსაკუთრებით მისი სხვა პროექტებისა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობის ფონზე.

ახალი შეთანხმების პირობების მიხედვით, ილონ მასკი ვალდებულია Tesla-ს აქციები ერთეულზე 23.34 დოლარად შეიძინოს და ისინი მინიმუმ 2030 წლამდე შეინარჩუნოს.

ამ სიახლის ფონზე Tesla-ს აქციები 2.4%-ით გაძვირდა და ერთ აქციაზე ფასმა 309.95 დოლარს მიაღწია. კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 970 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. ახალი საკომპენსაციო პაკეტის დამტკიცებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 6 ნოემბერს, როდესაც აქციონერთა ხმის მიცემა შედგება.