ქართული ღვინის მორიგი წარმატება, ამჯერად იაპონიაში. ტოკიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუშის რესტორნის “სუშიძანმაის” ქსელში „მეღვინეობა ბედიანის“ წარმოებული ქართული ღვინო დაამატეს. ინფორმაცია ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ გაავრცელა.
„მეღვინეობა ბედიანი“ „აქტო ჯგუფის“ ბრენდს წარმოადგენს. რას უკავშირებს წარმატებას, და როგორ შეძლო თავის დამკვიდრება ისეთი მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყანაში როგორიც იაპონიაა. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „აქტო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ეზუგბაიამ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანია მესამე წელია იაპონიის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად სტაბილურად მუშაობს. როგორც გიორგი ეზუგბაია ამბობს მათი ღვინო დამზადებულია უნიკალური ტრადიციული მეთოდით და მაღალტექნოლოგიური წარმოებით, კომპანიის მთავარი პრიორიტეტი კი მაღალი ხარისხის მუდმივად შენარჩუნებაა.
გიორგი ეზუგბაია განვითარების სწორ სტრატეგიად მიიჩნევს იმასაც, რომ კომპანიის სამიზნე მაღალი სტანდარტის სარესტორნო ქსელები იყო.
„იაპონიაში მოქმედი განვითარების სტრატეგია, კარგი მაგალითია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ღვინის ბაზრების განვითარებისთვის. ღვინო არაა ერთჯერადი პროდუქტი, ის არის მრავალწლიან ურთიერთობაზე აწყობილი,“- აცხადებს გიორგი ეზუგბაია.