ღვინის მწარმოებელი კომპანია „ქუმბათი“ აუქციონზე იყიდება.

eauction.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აუქციონზე რომელიც 29 მაისსაა ჩანიშნული, შპს „ქუმბათის“ კერძო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის საწყისი ფასი 93 000 ლარი იქნება.

კომპანიის ბალანსზე არსებული აქტივები შეადგენს:

1) 15 000 ლიტრ (15 ტონა) საფერავს, რომელიც არის 2021 წლის მოსავალი. ღვინო არის 2022 წლის ლონდონის ღვინის კონკურსის (London Wine Competition 2022) გამარჯვებული და დაჯილდოებულია ვერცხლის მედლით;

2) 3600 ბოთლი საფერავი, რომელიც 2020 წლის მოსავალია. ღვინო ექსპორტირდება გერმანიაში და პორტუგალიაში (რეექსპორტი). იყიდება თბილისში, ღვინის მაღაზიათა ქსელის 4 ფილიალში.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 დღეში სრულად დაფაროს საბოლოო ღირებულების დარჩენილი თანხა. წილის გადაფორმება მოხდება მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

შპს „ქუმბათის“ 100%-იანი წილის მფლობელი ლუკა ალუღიშვილია.