საკონდიტრო მაღაზიებისა და საცხობების ბაზარზე 2024 წელს წარმოდგენილი 6 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა დაახლოებით 118 მილიონი ლარი შეადგინა. სექტორის უპირობო ლიდერი „მადარტია“, რომლის ბრუნვამ 65 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მოცულობა განხილული კომპანიების საერთო შემოსავლის დაახლოებით 55%-ს შეადგენს და უახლოესი კონკურენტის, „ტორტინის“, შემოსავალს თითქმის 5-ჯერ აღემატება.

FinPost-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ანალიზში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები: შპს „არბო 2009“ — „მადარტი“, შპს „FOOD 7“ — „ტორტინი“, შპს „კონდი“ — „საკონდიტრო ბელა“, შპს „ასორტი-ვერე“ — „ასორტი“, შპს „დოლჩე ვიტა“ — La Mia Dolce Vita და შპს „ლიკასთან“ — Likastan.

მონაცემები აჩვენებს, რომ სექტორი ბოლო წლებში მაღალი ზრდის ტემპით ვითარდება. განხილული კომპანიების შემოსავლების საშუალო წლიური ზრდა, 5-წლიანი CAGR-ის მიხედვით, დაახლოებით 21%-ს შეადგენს. შედარებით დაბალი დინამიკა აქვს „ასორტს“, რომლის შემოსავლები ბოლო 5 წელში საშუალოდ წლიურად 9%-ით იზრდებოდა. ამასთან, FinPost-ის შეფასებით, „ასორტს“ კონკურენტებთან შედარებით დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები, მაღალი ლევერიჯი და დაბალი ლიკვიდურობა აქვს.

მომგებიანობის მხრივ, სექტორში საკმაოდ ძლიერი სურათი იკვეთება. წარმოდგენილი კომპანიების EBITDA მარჟა საშუალო შეწონილით 16%-ს, წმინდა მოგების მარჟა 13%-ს, ხოლო აქტივებზე ამონაგები, ROAA, 33%-ს შეადგენს. განსაკუთრებით მაღალი მომგებიანობა შედარებით მცირე ბრუნვის მქონე კომპანიებს აქვთ. „ტორტინი“, „ბელა“, „დოლჩე ვიტა“ და „ლიკასთან“ 2024 წელს 20%-24%-ის ფარგლებში EBITDA მარჟით ოპერირებდნენ. ეს მიუთითებს, რომ სწორად მართული მცირე ან საშუალო ზომის ქსელიც საკონდიტრო-საცხობების ბიზნესში მაღალი უკუგების მიღებას ახერხებს.

საინტერესოა ფილიალების ეფექტიანობის მაჩვენებელიც. ამ კუთხით ლიდერობას კვლავ „მადარტი“ ინარჩუნებს, რომლის თითოეულ ფილიალზე საშუალოდ 16.3 მილიონი ლარის წლიური ბრუნვა მოდის. მეორე ადგილზეა „ლიკასთან“, რომელიც მხოლოდ ერთი ფილიალით 6.3 მილიონი ლარის შემოსავალს იღებს. მესამე პოზიციაზეა „დოლჩე ვიტა“, რომელსაც 2 ფილიალი აქვს და თითოეული საშუალოდ წლიურად 3.8 მილიონ ლარს აგენერირებს.

მიუხედავად იმისა, რომ „ტორტინი“ წარმოდგენილ კომპანიებს შორის შემოსავლით მეორე ადგილზეა, მას 44 გაყიდვის წერტილი აქვს, რის გამოც ფილიალზე საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ეს ბაზარზე მასშტაბისა და ეფექტიანობის განსხვავებულ მოდელებზე მიუთითებს: ერთი მხრივ, ფართო ქსელური დაფარვა, მეორე მხრივ კი მცირე რაოდენობის, მაგრამ მაღალი შემოსავლის მქონე ფილიალები.

ჯანსაღი მომგებიანობისა და, უმეტეს შემთხვევაში, დაბალი ლევერიჯის ფონზე, კომპანიების ნაწილი მფლობელებზე დივიდენდებსაც აქტიურად ანაწილებს. 2019-2024 წლებში განხილული 6 კომპანიის მიერ გაცემულმა დივიდენდებმა ჯამში დაახლოებით 24 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის ჯამური წმინდა მოგების დაახლოებით 48%-ია.

საბოლოოდ, მონაცემები აჩვენებს, რომ საკონდიტრო მაღაზიებისა და საცხობების ბიზნესი საქართველოში მზარდი და მომგებიანი სექტორია. ბაზარზე აშკარა ლიდერის, „მადარტის“, არსებობის მიუხედავად, შედარებით მცირე კომპანიები მაღალ მარჟებსა და აქტივებზე მაღალ უკუგებას ინარჩუნებენ, რაც სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის.