„ორი ნაბიჯის“ შემოსავალი 2025 წელს 22%-ით გაიზარდა და 1.63 მილიარდ ლარს მიაღწია, წმინდა მოგება კი 28%-ით, 66 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

როგორც კომპანიის ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, წლის ბოლოს ქსელი 635 მაღაზიას აერთიანებდა, 2024 წლის 529 მაღაზიასთან შედარებით, ხოლო ჯგუფში დაახლოებით 5,300 ადამიანი იყო დასაქმებული.

კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის მთლიანი მოგება 293.7 მილიონ ლარს, მარჟა კი 18.05%-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მარჟა საკვებ პროდუქტებზე დაფიქსირდა — 20.76%, სასმელებზე კი ყველაზე დაბალი, 7.65% იყო. ამასთან, კომპანიის საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მომწოდებლების ფასდათმობებს, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 339.1 მილიონი ლარი შეადგინა.

2025 წელს გაყიდვებისა და კომერციული ხარჯები 25.1%-ით, 185.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თანამშრომელთა ანაზღაურებასთან დაკავშირებული ორი ძირითადი კატეგორიის ხარჯები კი დაახლოებით 26.9%-ით, 104.9 მილიონ ლარამდე. ამავე პერიოდში კომპანიამ მფლობელებისთვის 68.4 მილიონი ლარის დივიდენდები გამოაცხადა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 22.6%-ით აღემატება.