„გალერია თბილისის“ გასხვისება ისევ განიხილება, თუმცა, Paragraph Resort & Spa, Shekvetili-ის გაყიდვა დღის წესრიგში აღარ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდი“ „ბიზნესპარტნიორის“ კითხვის საპასუხოდ აკეთებს.
კითხვაზე, ისევ გეგმავს თუ არა საქართველოს თანაინვესტირების ფონდი „გალერია თბილისის“ და სასტუმრო „პარაგრაფი შეკვეთილის“ (Paragraph Resort & Spa, Shekvetili) გასხვისებას, „ბიზნესპარტნიორს“ განუმარტეს:
„უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია პასუხის თავში ავხსნათ და განვასხვავოთ, რომ ზემოთხსენებული პროექტები ორ სხვადასხვა ფონდს ეკუთვნის. კერძოდ, “გალერია თბილისი” თანაინვესტირების ფონდის პორტფელში არსებული პროექტია, რომლის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის გრძელვადიანი მიზანია მის მართვაში არსებული ყველა აქტივის რეალიზაციაა. შესაბამისად, ფონდის მანდატიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე, ყველა პროექტი განიხილება როგორც სამომავლოდ სარეალიზაციო პროექტად.
რაც შეეხება Paragraph Resort & Spa, Shekvetili-ს, ეს პროექტი ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტია, რომლის მფლობელია საქველმოქმედო ფონდი ქართუ. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 138 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტების გასხვისება არ იგეგმება,“-აღნიშნულია„ბიზნესპარტნიორისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა აღნიშნული აქტივების გაყიდვა 2021 წელს დააანონსა, თუმცა, პროცესი მათივე ინფორმაციით, გლობალურმა პანდემიამ შეაფერხა. 2022 წელს ფონდში აცხადებდნენ, რომ ორივე ობიექტის ჯამური ფასი $226 მლნ-ი იყო, აქედან „გალერია თბილისის“ გასაყიდი ფასი $126 მლნ-ს შეადგენდა, ხოლო Paragraph Resort & Spa, Shekvetili-ი $ 100 მლნ-ად იყიდებოდა.
რაც შეეხება საქართველოს თანაინვესტირების ფონდს (GCF), ეს არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განიხილავს ისეთ საინვესტიციო მიმართულებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას. კერძოდ კი ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია: სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, მრეწველობა.
ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს 25%-დან 100%-მდე წილობრივი მონაწილეობა ისეთ პროექტებში, რომელთა მინიმალური მომგებიანობა 17%-ს შეადგენს. პროექტის მინიმალური ჯამური საინვესტიციო მოცულობა უნდა შეადგენდეს 5 მლნ აშშ დოლარს.
Bp.ge