საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებში ჯამში 2.075 მლრდ ლარის ქონებაა დალომბარდებული. აქედან, ყველაზე დიდი წილი - 66% მისო-ებზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო სექტორის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებს სულ გაცემული აქვთ 1.369 მლრდ ლარის ლომბარდული სესხი, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შარშან მისო-ებში 947.586 მლნ ლარის საქონელი იყო დაგირავებული.

გარდა ამისა, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების პორტფელში 456.143 მლნ ლარის საცალო ლომბარდული სესხია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ასეთი სესხების მოცულობა 335.877 მლნ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება სესხის გამცემ სუბიექტებს, 2025 წლის მე-2 კვარტლის მდგომარეობით (მე-3 კვარტალი ჯერ გამოქვეყნებული არ არის) ფიზიკურ პირებზე გაცემული ლომბარდული სესხების მოცულობა 248.857 მლნ ლარს შეადგენს, იურიდიულ პირებზე - 268.8 ათას ლარს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ჯამში სესხის გამცემ სუბიექტებს 234.112 მლნ ლარის ლომბარდული სესხი ჰქონდა გაცემული.

ჯამში, 2025 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ფინანსურ ინსტიტუტებს გაცემული ჰქონდა 2.075 მლრდ ლარის მოცულობის ლომბარდული სესხი, რაც 36,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან ეს მაჩვენებელი 1.517 მლრდ ლარს შეადგენდა. შედეგად გამოდის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფინანსო ინსტიტუტებში სალომბარდე კრედიტების მოცულობა 558 მლნ ლარით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ აქ არ შედის კონკრეტულად სალომბარდო საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციების მონაცემები, რომელთა შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური პერიოდულად აქვეყნებს. ბოლოს საქსტატმა ლომბარდების საქმიანობის შესახებ ანგარიში 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის მდგომარეობას ასახავდა. აღნიშნული სტატისტიკით, იმ დროს ბაზარზე სალომბარდე საქმიანობას 193 ორგანიზაცია ეწეოდა. ამავე სტატისტიკით, 2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობა 322.8 მლნ ლარს შეადგენდა, გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი - იურიდიულ პირებზე მოდიოდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი