გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მოაწერეს.

დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. აღნიშნული უზრუნველყოფს ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დამკვიდრების წახალისებას და მხარეებს შორის თანამშრომლობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიმართულებით.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები, საკუთარი პასუხისმგებლობების ფარგლებში, ორმხრივად სასარგებლო კორპორაციული მდგრადობის წამახალისებელი აქტივობების განხორციელებისთვის იმუშავებენ და მხარდაჭერის მექანიზმებს შეიმუშავებენ.

გარდა ამისა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  ითანამშრომლებენ სხვადახვა დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, მათ შორის კანონშემოქმედებით ნაწილში -  კერძოდ, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების დანერგვის მიმართულებით.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნიდან 22 000 – ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 160-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.