„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 2024 წლის თებერვლამდე გადამზიდავებმა პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, ხოლო 2025 წლის მაისისთვის რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.

„რეფორმა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა, დღეს უკვე მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გადაეგზავნა. პროექტი ითვალისწინებს, შიდა რეგულარული გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო სააგენტოს მიერ. ქვეყანაში უამრავი ავტოვაგზალი არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არაა მოქცეული, არანაირი სტანდარტი არაა დაცული და ხარისხი ძალიან დაბალია, ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ასევე ტურიზმის სექტორზე.

კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ. განისაზღვრება სამი კლასის ავტოსადგური. დიდ ქალაქებში პირველი კლასის ავტოსადგურები იქნება, პატარა მუნიციპალურ ცენტრებში იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალით და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ და თითოეული მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს“,- განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ მკაფიო, გამჭვირვალე და ელექტრონული ბილეთების სისტემა დაინერგება.

მინისტრის თქმით, რეფორმა საჭიროებს ინვესტიციებს და მთავრობა მზად არის განიხილოს მათ შორის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეღავათიანი დაფინანსების პროგრამა.

“ბილეთებს რაც შეეხება, პროცესი იქნება გამჭვირვალე და ფასები გარკვეულ ლოგიკას დაექვემდებარება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს. ამ რეფორმის ფარგლებში ბილეთის გაძვირებას არ ველოდებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.