,,ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადის გახანგრძლივებას მიესალმება. ლევან სილაგავა ,,კომერსანტთან'' განმარტავს, რომ დადგენილება ძალაში იქნება მანამ, სანამ რუსეთი ხორბლის საბაჟო გადასახადს არ მოხსნის.
მისი თქმით, მოსაკრებლის გახანგრძლივება ბაზარზე სწორი კონკურენციის პირობებს უზრუნველყოფს.
,,რეალურად ჩვენ ამას ველოდებოდით. ბაზარიც ელოდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოსაკრებელი აბალანსებს ფქვილის შემოტანასა და ხორბლის სწორი კონკურენციის პირობებს საქართველოს ბაზარზე. ჯერ კიდევ, 2021 წლიდან რუსეთმა შემოიღო მცურავი ბაჟი ხორბალზე. შესაბამისად, ამან წარმოშვა არასწორი კონკურენციის პირობები საქართველოს ბაზარზე. შედეგად, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ მოსაკრებელი შემოღებულიყო ფქვილზე, რათა დაბალანსებულიყო ბაზარზე სწორი კონკურენციის პირობები. ამის შემდეგ პერიოდულად გრძელდება მოსაკრებლის ვადა. 1 აპრილიდან ეს გახანგრძლივდა იქამდე, სანამ ეს გამოწვევა, რომელიც არსებობს ბაზარზე რუსეთის მხრიდან ხორბლის მოსაკრებლის შესახებ (მცურავ ბაჟთან დაკავშირებით ხორბალზე) იარსებებს. ეს არის კარგი პრეცედენტი. იქიდან გამომდინარე, რომ პერიოდულად გახანგრძლივება ბაზარზე გრძელვადიანი ხედვის საშუალებას არ აძლევდა მეწარმეებს. რათა მათ ჰქონოდათ მუდმივი მარაგები. ყოველთვის იყო იმის რისკი, რომ შემდგომში ეს გადასახადი შეჩერებულიყო.
გადასახადი გახანგრძლივდა და დრო დასახელებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი იარსებებს მანამდე სანამ არ მოიხსნება პრობლემა რუსეთის მხრიდან. თუ მოიხსნება რუსეთის მხრიდან ხორბალზე მცურავი ბაჟი, მაშინ შესაძლებელი იქნება აქეთა მხრიდანაც ეგრევე მოიხსნას ეს დამაბალანსებელი გადასახადი.’’- აცხადებს ლევან სილაგავა.