ბიზნესმენი მინდია საბანაძე თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „ელიტის“ (ყოფილი „ელიტ ელექტრონიქსის“) ფილიალის დემონტაჟს და აღნიშნულ ტერიტორიაზე „სითი მოლი საბურთალოს“ გაფართოებას გეგმავს.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შპს „გრატო სითი სენთერს“, რომელსაც ბიზნესმენ მინდია საბანაძის კომპანია შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ფლობს, „ელიტის“ ფილიალის დემონტაჟის პროექტი უკვე შეტანილი აქვს და შუალედური ნებართვაც მიიღო.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კომპანიამ ნებართვის აღების შემდეგ დემონტაჟი 6 თვეში უნდა დაასრულოს.

გარდა ამისა, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ გასული წლის ბოლოს სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ და მაღაზია „ელიტის“ მიწის ნაკვეთების გაერთიანების ნებართვა უკვე მიიღო.

როგორც, შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიის სამომავლო გეგმებში სავაჭრო ცენტრების გაფართოება შედის.

„კომპანია წარმატებით ახერხებს ოპერირებას და ცდილობს, რომ გახდეს სავაჭრო ცენტრების წამყვანი ქსელი საქართველოში. კომპანიამ დაიწყო გლდანსა და საბურთალოზე არსებული სავაჭრო ცენტრების გაფართოება და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია“, - წერია ფინანსურ ანგარიშგებაში.

ცნობისთვის, შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას 100% წილის მფლობელი არის შპს აი ჯი ინთერნეშენალ, რომელიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი მინდია საბანაძეა.