ქართველმა ემიგრანტმა დავით ხუფენიამ შოტლანდიაში, ედინბურგში ქართული რესტორანი Hungry Wolf (მშიერი მგელი) 2018 წელს გახსნა და იმ დღიდან შოტლანდიელებისთვის ქართული სამზარეულოსა და კულტურის გაცნობა დაიწყო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რესტორნის დამფუძნებელი დავით ხუფენია ამბობს, ლონდონიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან ფილიალების გახსნის შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ შეუშალა ხელი და იმედოვნებს, რომ მომავალ წლისთვის ბიზნესის გაფართოების პროექტი უკვე მზად ექნება.
„კომერსანტი“ დავით ხუფენიას ედინბურგში ქართული რესტორნის შექმნის, მენიუს და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
გაგვაცანით თავი. რას წარმოადგენს თქვენთვის Hungry Wolf-ი?
დავით ხუფენია, Hungry Wolf-ის დამფუძნებელი: სოხუმში დავიბადე. უკანასკნელი წლები ვცხოვრობდი თბილისში. პროფესიით სტომატოლოგი ვარ. მხოლოდ 5 წლის წინ გადავწყვიტე გამეცნო უფრო ღრმად კულინარია, რის შემდეგაც კულინარიის აკადემია დავამთავრე.
პირველ რიგში Hungry Wolf-ი ჩემი ოცნების ხორცშესხმული პროექტია. ამით შევეცადე და ვცდილობ, რომ შოტლანდიას გავაცნო ქართული სამზარეულო და ქართული კულტურა. დღევანდელი გადმოსახედიდან, არც ისე ცუდად გამომდის.
როდის და რა ვითარებაში შეიქმნა Hungry Wolf? რატომ სახელწოდება Hungry Wolf?
როდესაც ემიგრაციაში წამოსვლა გადავწყვიტე, მაშინ მომივიდა აზრად, რომ იქ ქართული რესტორანი გამეხსნა, რადგან შოტლანდიაში და კერძოდ ედინბურგში, საერთოდ არ მოიძებნებოდა არაფერი ქართული. შემდეგ დავბრუნდი თბილისში და კულინარიის აკადემიაში კულინარიის სრული კურსი გავიარე.
რესტორანი Hungry Wolf-ი 2018 შეიქმნა. სახელწოდება უკავშირდება ბავშვობის ისტორიას. მახსოვს, გარეთ ფეხბურთის თამაშით ისე ვერთობოდით ხოლმე, რომ საჭმელი გვავიწყდებოდა. სახლში მისვლისთანავე გვეკითხებოდნენ - თუ როგორი მშივრები ვიყავით. პასუხი იყო - „მგელივით“. აქედანაც დაიბადა სახელი - Hungry Wolf. სხვათა შორის, ყველას მოსწონს.
ბიზნესი ძალზე უცნაურად ვითარდებოდა. ჯერ ვერ ხვდებოდნენ რას ვამზადებდი. შემდეგ, როგორც კი დააგემოვნებდნენ, მაგალითად, აჭარულ ხაჭაპურს, ამბობდნენ, რომ ის პიცას სჯობდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიზრდებოდით და ვაპირებდი, რომ დიდი და სრულყოფილი რესტორანი გამეხსნა. ამას, სამწუხაროდ, დაემთხვა კოვიდი და, ამავე დროს, ერთ-ერთი ცენტრალურ გზაზე ტრამვაის ლიანდაგების მშენებლობა. რამაც 2 წლით დააზიანა ბიზნესი. ახლა ისევ ვიკრებ ძალებს და იმედია, მომავალი წლისთვის ვიქნები გაფართოების პროექტით მზად.
გაგვაცანით თქვენი რესტორნის მენიუ, როგორ მიიღეს ედინბურგში ქართული კერძები, რა მოსწონთ, რაზეა მეტი მოთხოვნა?
თავიდან სტრატეგია მქონდა, რომ ქალაქში ხალხს გაეცნო რესტორანი. მქონდა შერეული სამზარეულო, რათა რესტორანში მეტი სტუმარი შემომეყვანა და მემასპინძლა მათთვის უკვე ნაცნობი კერძებით - ბურგერი, პიცა, ჰოთდოგი და თან შემეთავაზებინა სიახლეც - აჭარული ხაჭაპური - Cheese Boat-Ajarian Khachapuri (ასე მეწერა მენიუში და სურათიც ჰქონდა თან დართული). დროთა განმავლობაში, ამოვიღე არაქართული კერძები და დავტოვე მხოლოდ ჩვენი, ქართული საჭმელი. ახლა მენიუში მაქვს ძირითადად აჭარულები: ყველით, ისპანახით, ყველიანი პიურით, ლობიანით და ჭარხლით. ასევე - მეგრული, ჭახრაკინა, ლობიანი, ხინკალი, ყველიანი კვარები. შეფის შემოთავაზებულებიდან კი: ჩახოხბილი, ქათმის ხარჩო, ლობიო ქოთანში, შქმერული, სოკო კეცზე (ესენი სეზონურად იცვლება ხოლმე).
ვინ არიან Hungry Wolf-ის სტუმრები, რომელ სეგმენტზეა გათვლილი?
ედინბურგში ქართველი ემიგრანტები ბევრნი არ ვართ, მაგრამ მათ ქართველი სტუდენტებიც ემატებიან. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან: უკრაინელები, ლიეტუველები, ლატვიელები, შოტლანდიელები, იტალიელები, მყავს ბრაზილიელი სტუმრებიც, რომლებიც გახსნის დღიდან დადიან ჩვენთან. ასევე - ბერძნები, თურქები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები. მიუხედავად იმისა, რომ ფართი დიდი არ არის ხშირად იხდიან ჩვენთან დაბადების დღეებს. პატარა ქორწილის სუფრაც კი გვქონდა, ერთი თვის წინ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ, ალბათ, გაფართოება. კოვიდამდე მქონდა რამდენიმე შემოთავაზებები ლონდონიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან, რომ იქაც გაგვეხსნა Hungry Wolf-ის ფილიალები, მაგრამ მერე რაც მოხდა, ზემოთ აღვწერე. პანდემიას სამწუხაროდ, ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებდა.