Gucci-მ ახალი კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას პირველი კოლექციის წარდგენის შემდეგ გაყიდვების სტიმულირებისთვის უჩვეულო სტრატეგია აირჩია. კერძოდ, ბრენდმა მიდგომა — „ნახე ახლა, იყიდე ახლავე“ — დანერგა, რაც მოდის სახლის ჩვენების პარალელურად, პროდუქციის გაყიდვაში დაუყოვნებლივ ჩაშვებას გულისხმობს. Reuters-ის შეფასებით, ამ ნაბიჯმა შედეგი უკვე გამოიღო.
მედიასააგენტოს ინფორმაციით, Placer.ai-სა და Colliers-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, Gucci-ის მაღაზიებში ვიზიტები აშშ-ში საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, ლოს-ანჯელესის Rodeo Drive-ის მაღაზიაში ვიზიტები შოუდან ოთხი დღის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა და წინა კვირასთან შედარებით 53%-ით მოიმატა, ხოლო ნიუ-იორკის Wooster Street-ის მაღაზიაში – 19%-ით.
მთელ ამერიკაში Gucci-ის მაღაზიებში ვიზიტებმა, დემნას კოლექციის პრეზენტაციის შემდგომ შაბათ-კვირას, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
მილანის მოდის კვირეულზე Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორის დებიუტი 23 სექტემბერს შედგა — დემნამ კოლექციის სურათები ოფიციალურ ჩვენებამდე ერთი დღით ადრე სოციალური ქსელებით გაავრცელა, რითაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. უშუალოდ კვირეულზე კი Gucci-მ კოლექცია, სახელწოდებით „La Famiglia“, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ფორმატში წარადგინა.
ჩვენების შემდეგ Gucci-მ კიდევ ერთ ტრადიციას გადაუხვია და ახალი ნივთები ათ წამყვან მაღაზიაში გაყიდვაში დაუყოვნებლივ ჩაუშვა, რაც ჩვეულებრივ ჩვენებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ხდება.
Kering-მა და Gucci-მ გაყიდვების შედეგებზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა მონაცემები ცხადყოფს, რომ ბრენდის ახალი სტრატეგია ეფექტიანად მუშაობს და მომხმარებელთა ინტერესის აღდგენაში უკვე პირველ წარმატებას აღწევს.
წყარო: forbes.ge