ყველის მწარმოებელი კომპანია „ფორმაჯიო“ რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და იტალიურ ყველს აწარმოებს. ესენია კაჩოტა, კაჩოკავალო, სტრაჩატელა, მოცარელა, ბურატა და სხვა. 

როგორც კომპანია „ფორმაჯიოს“ დირექტორმა მედეა ჭითანავამ „კომერსანტთან“ განაცხადა პროდუქცია იტალიური ტექნოლოგიით მზადდება, რომელიც მამამისმა იტალიელებთან ისწავლა.

ამ ეტაპზე კომპანია ყველს მხოლოდ ონლაინ ყიდის, თუმცა ახლო მომავალში მომხმარებელს პროდუქტის შეძენა მაღაზიაშიც  შეეძლება, რომლის ადგილმდებარეობასაც კომპანიის დირექტორი ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს.

„ჩვენ ბაზარზე ძალიან ახალი კომპანია ვართ, ძირითადად იტალიურ ყველს და მხოლოდ ქართულ სულგუნს ვაწარმოებთ. ჩვენი მიმართულება იტალიური ყველის წარმოებაა. ამ ეტაპზე ორი საწარმო გვაქვს, რომლის გაერთიანებას და მაღაზიის გახსნას ვაპირებთ, სადაც მომხმარებელი შეძლებს ყველის დაგემოვნებას და იმის  ნახვას, თუ როგორ მზადდება ჩვენი ყველი.

ამ ეტაპზე ყველა შეკვეთას ვიღებთ ონლაინ, მაგალითად მოცარელას,  კაჩოტას და  ისეთ ყველებს,  რასაც  დაძველება არ სჭირდება, მომხმარებელს ახალს ვთავაზობთ და შეკვეთიდან მეორე დღეს ეგზავნება. ამ ეტაპზე დაინტერესება საკმაოდ მაღალია და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება,“ - აღნიშნა მედეა ჭითანავამ.

რაც შეეხება ნედლეულს, მედეა ჭითანავა აღნიშნავს, რომ „ფორმაჯიო“  100%-ით ნატურალურ რძეს ფერმერისგან იბარებს, მისი ყველი ჯერჯერობით თბილისში იყიდება, რადგან პატარა წარმოება აქვთ,

„ჯერჯერობით  თბილისში  ვყიდით,  ყველა ყველი არის ხელნაკეთი, ჯერჯერობით პატარა საწარმო გვაქვს და ტექნოლოგიც რომელიც ამ ყველზე მუშაობს ერთადერთია და სხვას არავის არ ჰყავს,“ - აღნიშნა მედეა  ჭითანავამ.

რაც შეეხება ინვესტიციას, მედეა  ჭითანავა ამბობს, რომ მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება საკუთარი წარმოების დაწყება.

„იმისთვის რომ რამე გააკეთო  მილიონები აუცილებელი არ არის,  შეგიძლია 300 ლარით შეიძინო რძე და დაიწყო შენი ბიზნესი და გახდე მომხმარებლისთვის პოპულარული, იმიტომ რომ თუ შენ საქმეში სულს და გულს ჩადებ აუცილებლად გაამართლებს“- აღნიშნა მედეა  ჭითანავამ.

როგორც მედეა ჭითანავა  აღნიშნავს, „ფორმაჯიო“ საოჯახო ბიზნესია და შესაბამისად მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობს.

„ფორმაჯიოს“ მიერ წარმოებული 100 გრამი ყველის ფასი 3 ლარიდან იწყება და 12 ლარამდე ადის.

100 გრ სულგუნი 3 ლარი ღრს, 100 გრამი ბრინზა 4 ლარი,  100 გრამი კაჩოკოვალო 6 ლარი, მარმარილოს ყველი 5.5 ლარი, სტრაჩიატელა 5 ლარი, მთვრალი ყველი 100 გრამი - 7 ლარი.  თხის  ყველი 100 გრამი კი  12 ლარი.